ღვინის ქარხანა N1: მომხმარებლის გასამმაგებულ რაოდენობას ველოდებით
"ღვინის ქარხანა N1"-ის ფინანსური დირექტორი ქრისტი ჭანიშვილი, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ მოლოდინები საკმაოდ პოზიტიურია.
„შეზღუდვების შემსუბუქება, რა თქმა უნდა, მომხმარებლის რაოდენობასა და შემოსავლებზე აისახება. გადაადგილების შეზღუდვის პირობებში ძალიან გვიჭირდა სტუმრებისთვის ობიექტის დატოვება გვეთხოვა, განსაკუთრებით პარასკევს საღამოს, როდესაც დამღლელი კვირის შემდეგ ადამიანებს დასვენება უნდოდათ. ახლა უფრო გაგვიადვილდება მუშაობა. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების პერიოდშიც საკმაოდ ბევრი ადამიანი გვსტუმრობდა და კიდევ უფრო დიდ ნაკადს ველოდებით, ვფიქრობ, მომხმარებელთა რაოდენობა გასამმაგდება,“ – აღნიშნავს, ქრისტი ჭანიშვილი.
მისი თქმით, "ღვინის ქარხანა N1" მზად არის ჩაერთოს ტურიზმის სექტორის ვაქცინაციის პროცესში.
„მართალია, თანამშრომლების 60%-ის ვაქცინაციაა რეკომენდებული, თუმცა ღვინის ქარხნის პერსონალის 100% უკვე დარეგისტირებულია ტურიზმის სააგენტოს პორტალზე,“ – ამბობს "ღვინის ქარხანა N1"-ის ფინანსური დირექტორი.
ინფორმაციისთვის, ისტორიული ძეგლი "ღვინის ქარხანა N1" არაერთ საინტერესო სივრცეს აერთიანებს. მათ შორის კვების ობიექტებს, რამდენიმე ქვეყნის სამზარეულოთი. თუმცა, მხოლოდ თავშესაქცევი ადგილებისა და კოქტეილების მრავალფეროვანი არჩევანით არ შემოიფარგლება. ის უნიკალური ისტორიის ადგილია, კონკრეტულად კი მეღვინეობის უძველესი ისტორიით.
აღსანიშნავია, რომ შენობას შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი იერ-სახე. ქარხნის შენობა აიგო თბილისელი არქიტექტორის ალექსანდრე ოზეროვის პროექტის მიხედვით, დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით. 1896 წლიდან ფუნქციონირებდა ღვინის ქარხანა, რომელიც წლების მანძილზე გაჩერებულია. ტერიტორიაზე არსებული ნაგებობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს. ასევე, ქარხნის ქვემოთ, მიწაში ორ სართულზე არის სარდაფი ე.წ. საძველე სადაც ხდებოდა ღვინის დაძველება. თითოეული საძველის ფართობი არის 2600 კვ. მ. დღემდე ამ საძველეებში ინახება 40 000 საკოლექციო ბოთლი ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველებით. შემონახულია ნაპოლეონ ბონაპარტისა და სხვა ცნობილი მოღვაწეების პირადი კოლექციიდან სასმელები, რაც წარმოადგენს ისტორიის საკუთრებას.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას ღია სივრცეში მუშაობა დაშვებული ხდება. რეგულაცია 22 მაისიდან შემსუბუქდება. ასევე, ე.წ. კომენდატის საათი შემცირდა. გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება.
შეზღუდვა ძალაშია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.