GHG ინგოროყვას კლინიკის 10%-იანი წილის გასხვისებას გეგმავს
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) გეგმა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”) დარჩენილი 10%-იანი წილის გასხვისებაზე ძალაში რჩება.
"კლინიკის დარჩენილი 10%-იანი წილი ჯერ არ გაგვისხვისებია, თუმცა ვგეგმავთ", - განმარტავს ჯგუფის გენერალური დირექტორი "ბიზნესპარტნიორთან." დამატებით დეტალებზე კი ნიკოლოზ გამყრელიძე ვერაფერს ამბობს.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის 40%-იანი წილი 2020 წლის აგვისტოში 12 მლნ დოლარად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მიყიდა. ახალ აქტივს უნივერსიტეტი სასწავლო პლატფორმად გამოიყენებს.
GHG-ი მაშინ აცხადებდა, რომ წილის გაყიდვა ჯგუფის იმ სტრატეგიის ნაწილი იყო, რომელიც ნაკლებშემოსავლიანი აქტივების გაყიდვას გულისხმობს.
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში GHG-ი 50%-იან წილს ფლობდა, დანარჩენი 50% კი კერძო მფლობელები. გარიგების შედეგად, ინგოროყვას კლინიკაში GHG-ის წილი 10%-მდე შემცირდა.