გერმანიაში გეოგრაფიული აღნიშვნის - "სულგუნი" - უკანონო გამოყენება აღიკვეთა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"საქპატენტისთვის ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხდებოდა დაცული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის, ყველის - „სულგუნი“ უკანონო გამოყენება. კერძოდ, გერმანიის რამდენიმე სავაჭრო ქსელში იყიდებოდა ყველი სახელწოდებით „სულუგუნი“. საქპატენტის მიერ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან კოორდინირებით, განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები, რის შემდეგაც სუპერმარკეტების ქსელიდან „LEDO” და „ROSSIA” ამოიღეს დასახელება „Suluguni“-ით ნიშანდებული პროდუქცია.
დარღვევაზე რეაგირების მიზნით, 2023 წლის 20 იანვარს საქპატენტმა წერილობით მიმართა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროკომისიის (DG AGRI) გენერალურ დირექტორატს. თავის მხრივ, კომისიის მოთხოვნით, გერმანიის რესპუბლიკის შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლეს აღნიშნული საქმე, რის შედეგად, გერმანიაში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის უნებართვოდ გამოყენებისა და დისტრიბუციის თავიდან აცილების მიზნით, განახორციელეს აუცილებელი ზომები და ზემოაღნიშნული სუპერმარკეტების ქსელიდან ამოიღეს უფლების დამრღვევი პროდუქცია.
ევროკავშირის ტერიტორიაზე ქართული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ხორციელდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რომლის ფარგლებში მხარეები აღიარებენ და იცავენ ერთმანეთის გეოგრაფიულ აღნიშვნებს, ხოლო მათზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ატარებენ შესაბამის ადმინისტრაციულ ღონისძიებებს.
გეოგრაფიული აღნიშვნა „სულგუნი“ საქართველოში დარეგისტრირდა 2012 წლის 24 იანვარს. 2014 წლის 1 სექტემბრიდან კი ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე დაცულია ევროკავშირის ტერიტორიაზე. გეოგრაფიული აღნიშვნა „სულგუნის“ დატანა პროდუქტზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მკაცრად დადგენილი სპეციფიკაციების შესაბამისადაა დამზადებული.
საქპატენტი აქტიურადაა ჩართული ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების საქართველოს საზღვრებს გარეთ დაცვის საკითხებში, რათა აღიკვეთოს ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნებსა და ადგილწარმოშობის დასახელებებზე უფლებების დარღვევების და მათი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენების ფაქტები,"აღნიშნულია "საქპატენტის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.