ბიზნესი
01/12/2022

"გემოვანმა" პურის წარმოება ღვინის საფუარით დაიწყო

პურის მწარმოებელი კომპანია „გემოვანი“, რომელიც პურს „მზეთამზეს“ ბრენდით აწარმოებს,  მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი ჩავლეშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპანიამ პურის წარმოება ღვინის საფუარით დაიწყო.

მისი ინფორმაცით, კომპანიაში ამჯერად ფქვილის, ე. წ. დედა საფუარის, ნაცვლად იყენებენ ღვინის საფუარს, რომელიც პურში ნაკლები მჟავიანობით ხასიათდება და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

როგორც ჩავლეშვილი აღნიშნავს, სწორედ ამიტომ „გემოვანში“ დამზადებული ხორბლის პური  საკურნელას (საკურნებელი, სასარგებლო პური)  სახელით იყიდება. ჭვავის ფქვილისგან დამზადებული პურის რეალიზაცია კი „ჭვიის“ სახელით ხდება.

ამჟამად კომპანია „გემოვანი“ 5 სახეობის პურს აწარმოებს.

„ღვინის საფუარით დამზადებულ პურში შენარჩუნებულია პანტოთენის მჟავა. გარდა ამისა, მცირე დოზებით, მაგრამ ყოველდღიურ მიღების შემთხვევაში ორგანიზმი მიიღებს მნიშვნელოვან რაოდენობა სხვა და სხვა მიკროელემენტებს, ანტიოქიდანტებს, რაც ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა,”-აცხადებს ჩავლეშვილი.

ღვინის საფუარისგან დამზადებული პური „მზეთამზე“ ყველა ქსელურ მარკეტში იყიდება და მისი ფასი 2.50 ლარია (450 გრამი).

შეგახსენებთ,  “გემოვანში” 40%-იან წილს „გემოვანი სინერჯი“ ფლობს, რომლის თადამფუძნებელი საინვესტიციო კომპანია “სინერჯი კაპიტალია”. როგორც ჩავლეშვილი აღნიშნავს, „გემოვანი სინერჯის“ ასევე ჰყავს ინვესტორები,შედეგად, „სინერჯი კაპიტალის“ მძიმე ფინანსური მდოგმარეობა „გემოვანზე“ გავლენას არ ახდენს.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ თემქაზე 350 000 დოლარად  უძრავი ქონება შეიძინა, სადაც პურის მწარმოებელი ახალი ქარხანა მოაწყო.

პური 2022 წლის მარტამდე  ვარკეთილში, კომპანიის მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე იწარმოებოდა.

 

Businesspartner