"გემი რომ შტორმშია შესული და უცბად კაპიტანი გაქრა - ასეთ სიტუაციაში ვართ"
პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომის გამო ბიზნესი გაურკვევლობაშია. არ იციან, რა პასუხი გასცენ უცხოელ პარტნიორებს, რომელთაც საქართველოში არაერთი იმსხვილი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ თბილისი ცენტრალის მმართველი კომპანიის, GRDC Holding BV გენერალური დირექტორი, ლევან ყარალაშვილი აცხადებს, ბიზნეს ასოციაციები უმოკლეს დროში ვითარებაზე მსჯელობის მიზნით შეიკრიბებიან.
„გემი რომ შტორმშია შესული და უცბად კაპიტანი გაქრა - ასეთ სიტუაციაში ვართ. ქვეყანა უმძიმეს ფინანსურ, ეკონომიკურ კრიზისშია და თითქოს ნათელი წერტილები იწყებდა გამოჩენას და ამ დროს გადაწყვეტილებების მიმღები პირი ადგილზე აღარ არის. სრულად არაპროგნოზირებადი გარემოა. ბიზნესისთვის ყველაზე რთული სწორედ ასეთი ვითარებაა. მხოლოდ ჩვენს ჯგუფს ქვეყანაში 1 მილიარდზე მეტი ინვესტიცია აქვს შემოტანილი. დღეს ჩვენს უცხოელ ინვესტორებსა და პარტნიორებს რაზე უნდა ველაპარაკოთ? რომ არანაირი ხედვაც კი აღარ ჩანს? პოლიტიკურმა კრიზისმა ჩაითრია ყველა და ყველაფერი. ის ხალხი, ვინც რეალურ ეკონომიკასა და სამუშაო ადგილებს ქმნის გაურკვევლობაში დატოვა ისევ. პრემიერის გარეშე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სხვა პრემიერის საკითხებიც“,- აღნიშნა ყარალაშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ყარალაშვილი ერთ-ერთია, ვინც გუშინ 10 ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას აწერს ხელს. ამ განცხადებაში კერძო სექტორი ეკონომიკის სრულად გახსნასთან დაკავშირებით 7 მოთხოვნას აყენებდა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა. თუმცა დღეს ქვეყანას პრემიერ-მინისტრი აღარ ჰყავს.