ბიზნესი
02/02/2023

გაზრდილი მოთხოვნა "ტოიოტას" ბრენდის ავტომობილებზე - "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" წარმატებული 2022 წელი

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ 2022 წელი გამოწვევებით სავსე, თუმცა მოსალოდნელზე პროდუქტიული აღმოჩნდა. პოსტპანდემიურ მოცემულობას რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული გლობალური კრიზისი დაემატა. კომპანიაში ამბობენ, რომ დაბრკოლებების გადალახვაში სწორი ბიზნესსტრატეგია დაეხმარათ.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ განმარტავენ, რომ კარგად აქვთ შესწავლილი მომხმარებლის ქცევა, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღმოჩნდა 2022 წლის წარმატებით დასახურად. არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, კომპანიაში ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელმა საორიენტაციო ნიშნულს საგრძნობლად გადააჭარბა. გასული, 2022 წლის შედეგებზე „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი, მარიამ მელიაშვილი საუბრობს.

  „ომმა გარკვეული პრობლემები შექმნა მიწოდების კუთხით. ლოგისტიკა მთლიანად მოშლილი იყო და ციკლის აწყობაზე ამ დრომდე ვმუშაობთ. აქტუალური იყო ჩიპების პრობლემა, რაც წლის დასაწყისში განსაკუთრებით მწვავედ იდგა, მაგრამ უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდით. მუდმივად იყო დეფიციტები ავტომობილებზე, განსაკუთრებით კი ჰიბრიდულ მოდელებზე. წლის მეორე ნახევარში ეს სიტუაცია შედარებით გამოსწორდა. საბოლოოდ, 2022 წელს 1400-ამდე ავტომობილი გავყიდეთ, რაც არსებულ გეგმას დაახლოებით 40%-ით აჭარბებს. „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ბაზრის წილის მაჩვენებელი 2022 წელს დაახლოებით 12-იდან 15 პროცენტამდე იყო. გასულ წელს ყველაზე მოთხოვნადი მოდელები TOYOTA LAND CRUISER 300, LAND CRUISER PRADO და RAV 4 აღმოჩნდა. საგრძნობლად არის გაზრდილი ჰიბრიდული მოდელების გაყიდვები“.

კომპანიაში ამბობენ, რომ 2022 წელს პანდემიის შემდგომმა და შეზღუდვებისგან თავისუფალმა პერიოდმა კომპანიის განვითარებისათვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით, კიდევ უფრო ახლოს ვყოფილიყავით ჩვენს მომხმარებლებთან. ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდა გამოკითხვები, რამაც საბოლოოდ გამოკვეთა ის, რომ დღეს ჩვენს კომპანიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ძირითადი საჭიროება რიგის მართვას უკავშირდებოდა, რასთან გამკლავებაც წინასწარი ჩაწერისა და რიგის მართვის სისტემების დანერგვით დავიწყეთ. თუ წლის დასაწყისში წინასწარ დაჯავშნილი ვიზიტების რაოდენობა 15% იყო, წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 50 პროცენტამდე გავზარდეთ, რამაც განაპირობა როგორც მომხმარებლის დროის დაზოგვა, ისე შიდა პროცესების გამართვა“.

2022 წლის სიახლეებს შორისაა „ტოიოტა კასკო“ - ბრენდის ექსკლუზიური დაზღვევა, რომლის შეძენაც მომხმარებელს ცენტრიდან გაუსვლელად შეუძლია. პროცესების გასამარტივებლად შეიქმნა სალიზინგო პროდუქტი Toyota Easy, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურადაა მორგებული. აღსანიშნავია ახალი საგარანტიო პაკეტის, „ტოიოტა 10-ის“ დანერგვა, რომელიც როგორც ახალ, ისე მეორად ავტომობილებზე საგარანტიო მომსახურების 10 წლამდე გახანგრძლივებას გულისხმობს. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, სამღებრო-სათუნუქე უბანს დაემატა ახალი მოდიფიკაციის სივრცე, სადაც ავტომობილებს დამცავ ფირებს აკრავენ.

 „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 2022 წელს აქტიურად მუშაობდა დიგიტალიზაციის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს უკვე შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, კომპანიის ვებგვერდის საშუალებით, ონლაინ შეიძინოს მისთვის სასურველი ავტოსათადარიგო ნაწილი ან აქსესუარი. 

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „2023 წელი „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ მნიშვნელოვანი და სიახლეებით სავსე იქნება. იცვლება კონცეფცია, რაც გულისხმობს როგორც შოურუმის სრულად განახლებას, ისე რეორგანიზაციას ადამიანური რესურსების მიმართულებით.  მიმდინარე წელს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს რამდენიმე ახალ მოდელს წარუდგენს“.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ ამბობენ, რომ ზედმიწევნით კარგად იცნობენ მომხმარებლის ქცევას. ამდენად, 2023 წლის მიზნები და სტრატეგიაც მომსახურების მაქსიმალურად დახვეწას და მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნას უკავშირდება. კომპანიის მიზანია, გამარტივდეს ვიზიტი და ერთ სივრცეში იყოს თავმოყრილი ყველა ის მომსახურება, რაც ავტომობილთანაა დაკავშირებული.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.