ბიზნესი
15/02/2021

"გავხსენით რესტორანი, რომ კომუნალურების ნაწილი დავფაროთ და ადამიანებმა პურის ფული იშოვონ"

რესტორნების ღია სივრცეში მუშაობის გადაწყვეტილება სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ ზარალის მხოლოდ ნახევარს დააკომპენსირებს.

რესტორნის დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ სექტორს ხარჯები მნიშვნელოვნად გაეზარდა, თუმცა მომსახურების ფასის მატება არ იგეგმება.

„მხოლოდ ღია სივრცეში მუშაობა ჩვენს ხარჯებს გაზრდის. პროდუქტი გაძვირდა, კომუნალურები გაძვირდა. ფასებს ვერ ავწევთ, გამორიცხულია. ეს გადაწყვეტილება ჩვენი ზარალის დაახლოებით 50%-ის დახურვას მოემსახურება. იმედია, სახელმწიფო სექტორს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი რესტორანს არ ხსნის, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ ღია სივრცეები. ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენ მარტო იმიტომ გავხსენით, რომ კომუნალური გადასახადების რაღაც ნაწილი მაინც დავფაროთ და იმ ადამიანებს, ვისაც ვერ ერგო სახელმწიფოს შეღავათები, ლუკმა-პურის ფული მაინც შევიდეს მათ ოჯახებში“,- თქვა ბაღდოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასტუმროების ღია სივრცეეები დღეიდან გაიხსნა. 1-ელი თებერვლიდან ასევე ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საკლასო ოთახებს დღეიდან დაუბრუნდნენ ასევე სკოლის მოსწავლეები. ძალაში რჩება შეზღუდვების ნაწილი, მათ შორისაა კომენდანტის საათიც.