ბიზნესი
20/12/2022

გამოწვევები და სწრაფი განვითარება - “ნოსტეს“ მწარმოებელი 2022 წელს აჯამებს

მეფრინველეობის კომპანია GPP-ი, რომელიც ქათამს და ქათმის პროდუქტებს „ნოსტეს“ ბრენდით აწარმოებს, 2022 წელს „ბიზნესპარტნიორთან“ აჯამებს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ფირცხალაიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელი GPP-ისთვის დიდი გამოწვევების და სწრაფი განვითარების წელი იყო.

მისი თქმით, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა სწრაფად მზარდი მოთხოვნა „ნოსტე“-ს პროდუქციაზე და განვითარების რიტმი - რომელსაც არ ჩამორჩა კომპანია. შედეგად, კომპანია მეორე საწარმოს კასპის რაიონის სოფელ მეტეხში აშენებს, რომლის ამოქმედების შედეგადაც წარმადობას გააორმაგებს. ამჟამად მეფრინველეობის ფერმა წლიურად დაახლოებით 3,000 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს.

მაშინ როდესაც, ადგილობრივი მწარმოებლების ნაწილი  სახელმწიფოს მხრიდან დარგის არასაკმარის ხელშეწყობაზე საუბრობს, როგორია კომპანია GPP-ის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფირცხალაიშვილი განმარტავს, რომ არსებული გარემოებები არ იძლევა იმის  საშუალებას, დაეთანხმოს კომპანია იმ  მოსაზრებებს, რომ სახელმწიფო  ბიზნესს არ ეხმარება.

„არაერთი თანაინვესტირების პროექტი შეიქმნა სახელმწიფოს მხრიდან, რომლის დახმარებითაც შეიძლება განვითარდეს დარგი სწორი ბიზნეს გეგმის და სტრატეგიის არსებობის შემთხვევაში. მეფრინველეობის ადგილობრივი წარმოების მასშტაბები მზარდია და ამ ეტაპზე, ჩვენი გადმოსახედიდან ნამდვილად არ არსებობს შეფერხების რეალური საფრთხეები,“-აცხადებს ფირცხალაიშვილი.

შეგახსენებთ, „ნოსტე“ 2018 წელს დაფუძნდა და განვითარებაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მეფრინველეობის ფერმა წლიურად დაახლოებით 3,000 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს. „ნოსტე“ მომხმარებელს სთავაზობს ქათმის ხორცის სრულ ასორტიმენტს, როგორც მთლიან ქათამს ასევე მის ნაწილებს. ასევე, „ნოსტე“-ს გაყინული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში.

არსებული ქარხანა კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში მდებარეობს.