Galt & Taggart: ბინების გაყიდვები ვაშლიჯვარში 55%-ით, მთაწმინდაზე - 50%-ით შემცირდა
2023 წლის სექტემბერში თბილისში 3,314 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 21.5% და თვიურად 6.7%-იანი კლებაა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის 2023 წლის სექტემბრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
„წლიური კლების ძირითადი მიზეზი წინა წლის რეკორდულად მაღალი ბაზაა. სექტემბერში, წინა თვეების მსგავსად, ყველაზე მცირედით პირველადი ბაზრის (დეველოპერების) ბინების გაყიდვებმა იკლო (-8.2% წ/წ).
ამასთან, მეორად ბაზარზე ახალი და ძველი პროექტების გაყიდვები წლიურად 29.0%-ით შემცირდა. როგორც წინა კვლევაში აღვნიშნეთ, მეორად ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვანი კლება ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირებაზე მიუთითებს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
2023 წლის სექტემბერში დიდი დიღმის (+6.9% წ/წ) და ჩუღურეთის (+16.1% წ/წ) გარდა გაყიდვები ყველა უბანში შემცირდა. ამასთან, ეს შემცირება ყველაზე მძაფრი ცენტრალურ რაიონებში იყო (-32.4% წ/წ), ხოლო ფართო ცენტრსა და გარეუბნებში შედარებით მცირე კლება დაფიქსირდა, -20.4% წ/წ და -7.6% წ/წ, შესაბამისად.
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) მუდმივი დომინირება და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) წილის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
ამავე მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის სექტემბერში პირველადი ბაზრის ფასების ზრდა გაგრძელდა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალი
პროექტების ფასები წინა თვეებში კლების შემდეგ სექტემბერში ისევ გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერების (პირველადი ბაზარი) საშუალო ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა დიდუბეში (+42.0% წ/წ), რაც გამოწვეულია პრემიუმ
კლასის პროექტების რაოდენობის ზრდით ამ უბანში.