გალერია თბილისი: "მწვანე ბარათების" ამოქმედებას დავემორჩილებით და აღვასრულებთ
„თუ მთავრობა მიიღებს “მწვანე ბარათების“ ამოქმედების გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, დავემორჩილებით და აღვასრულებთ,” - ასე ეხმაურება „გალერია თბილისის“ ადმინისტრაცია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედეგად, “მწვანე ბარათების“ შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით.
როგორც კომპანიაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, აღნიშნული სისტემის ამოქმედება მათთვის მისაღებია, იმის მიუხედავად, რომ „გალერია თბილისის“ ადმინისტრაცია მაქსიმალურად იცავს დადგენილ რეგულაციებს.
რაც შეეხება იმას, თუ რა თანხებთან და პროცედურებთან იქნება ეს დაკავშირებული, “გალერია თბილისში“ ამაზე ჯერ ვერ საუბრობენ, რადგან აცხადებენ, რომ კონკრეტული მექანიზმი ჯერ განხილული არ ყოფილა.
კითხვაზე, შექმნილ სიტუაციაში როგორია სავაჭრო ცენტრის დატვირთულობის მაჩვენებელი, „გალერია თბილისში“ განმარტავენ, რომ დატვირთულობის მხრივ, მცირე ცვლილებები ამ 2 წლის მანძილზე იყო.
მათი ინფორმაციით, ძირითადად ის ბრენდები, რომლებიც გავიდნენ, ჩანაცვლდა ახლით. ამ ეტაპზე კი სავაჭრო ცენტრის 95%-ით დატვირთულია.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4648 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.
"მწვანე ბარათებზე" მუშაობა კიდევ მიმდინარეობს. მისი ამოქმედება იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ვერ სახელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კონცეფცია უკვე შემუშავებულია. "მწვანე ბარათის" ამოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.