გაჭიანურებული პროცესები და დაგვიანებული აღსრულება - სამართლის გრძელი გზა ბიზნესისთვის
ბიზნესისთვის სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. ეს გზა მაშინ იწყება, როცა ბიზნესს სასამართლოს კარის შეღება უწევს. საქმის განხილვის უკიდეგანოდ გაწელილი ვადები, პროცესები და განხილვები საბოლოოდ აღსრულების გაჭიანურებით სრულდება, ანუ ბიზნესისთვის სამართალი ან ძალიან გვიანდება ან საერთოდაც ვერ ზეიმობს.
არადა ყველა საპროცესო ვადა კანონში მკაფიოდ გაწერილია, თუმცა, როგორც ადვოკატები ამბობენ, ის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა და ინვესტორს (ადგილობრივს თუ უცხოელს) კაპიტალის დაბანდების სურვილიც ადვილად ეკარგება.
პრობლემას ქვეყანაში დიდი ხანია აღიარებს ხელისუფლებაც, სასამართლოც, აღმასრულებელიც და საზოგადოებაც. სხვადასხვა ეტაპზე პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა განიხილებოდა, მათ შორის, საერთაშორისო არბიტრაჟი თუ მედიაციის ინსტიტუტი.
მეხსიერებას ამ პრობლემის მოგვარების ბევრი მცდელობა ახსოვს, ყველა თარიღი რომ არ გავიხსნოთ, ორი მაგალითიც საკმარისია.
ჯერ კიდევ 2017 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გამართულ შეხვედრაზე ბიზნესასოციაციებთან სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს: “გვითხრეს, რომ კომერციულ საქმეებზე თითო მოსამართლეზე დაახლოებით 50 საქმე მოდის ამ ეტაპზე და ამიტომ, ჩვენ როგორც გავიგეთ, ეს ხუთი ადამიანი თავს ართმევს საკუთარ მოვალეობებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მათი რიცხვი გაიზარდოს. იუსტიციის საბჭო ამისთვის მზად არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ადამიანების მზაობა დავინახეთ, რომ აღიარებენ იმ პრობლემებს, რაც სისტემაშია და მეორე – უნდათ ამ პრობლემების დროულად და ეფექტურად გადაწყვეტა.” ამ შეხვედრიდან მალე მეოთხე წელი მიიწურება...
ამის შემდეგ 2018 წელს, ჯერ კიდევ მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს, საქართველოში საერთაშორისო კომერციული სასამართლოს ამოქმედება დაანონსდა, თუმცა... მსგავსი რამ არ მომხდარა.
რაც შეეხება კერძო არბიტრაჟს, ის საქართველოში კარგა ხანია არსებობს. დავების გადაწყვეტის ამ ალტერნატივას ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა ამ დროისთვის ის პოპულარობით ვერ სარგებლობს.
როგორ შეიძლება კერძო არბიტრაჟმა დავის პროცედურები გააიოლოს?
კერძო არბიტრაჟი კერძო დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა, ის განხილავს მხოლოდ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს და არა ადმინისტრაციულს. არბიტრაჟის შემთხვევაში კერძო ხასიათის ქონებრივ დავისას აუცილებელია მხარეებს შორის შეთანხმება და როდესაც ეს თანხმობა არსებობს, საერთო სასამართლოებს ამ დავის განხილვის უფლება არ აქვთ.
მნიშვნელოვანია საარბიტრაჟო დავისთვის გაწერილი ვადაც, თუ სასამართლოებში დავა შესაძლოა წლები (კანონით გაწერილზე უფრო მეტადაც) გაგრძელდეს, ამ შემთხვევაში ვადა მხოლოდ 3 თვეა, გამონაკლის შემთხვევებში კი შესაძლოა 6 თვემდე გახანგრძლივდეს.
შეუძლია თუ არა კერძო არბიტრაჟს ბიზნესს მდგომარეობა შეუმსუბუქოს? ჩამოთვლილი პროცესიდან გამომდინარე პასუხი, თითქოს, დადებითი უნდა იყოს, თუმცა ბიზნესსა და იურისტებში ამ საკითხთან დაკავშირებით პესიმისტური განწყობაა.
მაგალითად, ადვოკატი გოჩა სვანიძე ამბობს, რომ არბიტრაჟის სისტემა ქართული რეალობისთვის რთულად მისაღებია, კერძო არბიტრაჟის სისტემა ქვეყანაში მოქმედებს და მის მიმართ ნდობა დაბალია. „ჩვენი მენტალიტეტი არ არის მზად ამისთვის, ამ საკითხზე კონსოლიდაცია ბიზნესსაც აკლია, ისინი არ არიან მზად თავისი საქმე მიაბარონ არბიტრს. რატომ? იქიდან გამომდინარე, რომ მხარეები თავად ირჩევენ არბიტრს და ორივე მხარის თანხმობაა საჭირო, ეს თანხმობა რთულად მისაღწევია, ზოგს ერთი არ მოსწონს, ზოგს - მეორე, ზოგი ერთის ნაცნობია, ზოგი მეორე არბიტრის და ა. შ.“
რეალობიდან გამომდინარე გამოსავალი ისევ და ისევ სასამართლოა, ან ადვოკატებს რჩებათ რჩევა ინვესტორებისთვის სახელშეკრულებო ურთიერთობაში დავის განხილვის ალტერნატიულ გზად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო განსაზღვრონ. რაც, ფაქტობრივად, მესიჯია ინვესტორისთვის ქართულ სასამართლო სისტემაზე.
სასამართლო და დავის გაჭიანურება ერთი საკითხია, თუმცა ბიზნესმა, რომელმაც შეიძლება დავა მოიგოს, სამართალი შესაძლოა ამ შემთხვევაშიც არ აღსრულდეს. ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგი ბიზნესისთვის ჯოჯოხეთი სწორედ მაშინ იწყება, როდესაც მოგებული საქმის აღსრულებაზე დგება ჯერი.
აღსრულების პროცესი სასამართლოში დავაზე ნაკლები როდია, ხშირ შემთხვევაში აქ სუბიექტური ფაქტორი, ქართული ნეპოტიზმი, პროფესიონალიზმის ნაკლებობა და თავად კანონის ხარვეზი სცოდავს.
ნეპოტიზმთან დაკავშირებით არსებულ ეჭვებს კონკრეტული საბაბი აქვს, ეს ის რეალობააა, რომელსაც ბიზნესები და მათი ადვოკატები აწყდებიან, მაგალითად, სხვადასხვა შემთხვევაში კერძო კომპანიის და კერძო პირის მიმართ აღსრულება საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, სხვა შემთხვევაში კი პირიქით, პროცესი „დასტოპებულია“.
“ასეთ სიტუაციაში სხვადასხვა მიდგომაა, მაგალითად, რატომღაც კანონმდებლობით პირი არ გამოასახლონ, გასაგებია სოციალური საკითხები, მაგრამ ვფიქრობ, სჯობს, სახელმწიფომ და კანონმა სხვაგვარად იფიქროს სოციალურად დაუცველებზე, ვიდრე სხვის ხარჯზე მოაგვაროს პრობლემები. კიდევ ერთი, ადვოკატი მეორე მხარესაც (ანუ მოვალეს) ჰყავს, რომელიც ცდილობს კანონიერი გზით გააჭიანუროს პროცესი და ეს არ არის მხოლოდ აღმასრულებლის ბრალი. პირობითად დავა, რომელიც დასრულდა, მის აღსრულებამდე ადვოკატი მუშაობას აგრძელებს და აღსრულების გაჭიანურება სწორედ წაგებული მხარის ინტერესებშია. ამ შემთხვევაში საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, ისეთი ცვლილები, რომლებიც არავის მისცემს მანიპულირების შესაძლებლობას. აღსრულების პროცესი არ უნდა იყოს არც სოციალურად ორიენტირებული და არც შერჩევითი, აღსრულება არის აღსრულება და ის უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, დაუყოვნებლივ და სწრაფად“, - განმარტავს გოჩა სვანიძე.
კიდევ ერთი პრობლემური საკითხია სახელმწიფოს მიმართ აღსრულება, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაჭიანურებულია. გოჩა სვანიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ გაუჭიანურონ მოდავეს პროცესი და მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
რაც შეეხება აღმასრულებლებს, მათ ინტერესში ნამდვილად არ შედის აღსრულების გაჭიანურება, თუმცა მათ ინტერესებშია საქმეების დროულად დასრულება და აღმასრულებელს, ბუნებრივია, ურჩევნია მარტივი პროცესები აღასრულოს.
„გაჭიანურებულ აღსრულებასთან დაკავშირებით კომპლექსური სამუშაოა ჩასატარებელი, რადგან მოგებული დავის აღსრულება, შესაძლოა, დაგვიანებით მოხდეს, ან მისი აღსრულება სულაც შეუძლებელი იყოს. ამას ვერ უშველის ვერც რომელიმე ერთი კონკრეტული კანონის მიღება, ვერც სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება... უკვე ძალიან შევტოპეთ და გვიანია, მაგრამ უნდა შევეგუოთ, რომ ეს სასამართლო გვექნება დიდი ხნის განმავლობაში. დროულად უნდა მივიღოთ კანონი მოსამართლეეების არჩევით დანიშვნასთან დაკავშირებით (ბევრი მოსამართლე დანიშნულია სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლეა) და ნელ-ნელა იმაზე მაინც უნდა ვიფიქროთ, რომ ამიერიდან მაინც არ დავუშვათ შეცდომები და ახალმა სისტემამ ნელ-ნელა ჩაანაცვლოს ძველი (იმის მომხრე ნამდვილად არ ვარ, ეს მოსამართლეეები სახლში გავუშვათ). კონკრეტული მემკვიდრეობა ამ მიმართულებით უნდა შეიცვალოს - სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რაც შეეხება საკითხის მოგვარებას, ვერავის დავვმოძღრავ და ვერც რჩევებს გავცემ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ერთობლივი შეხვედრები, სამუშაო ჯგუფები, რათა საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდეს, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას“, - მიიჩნევს გოჩა სვანიძე.
და მანამდე? მანამდე რა ქნას ბიზნესმა, რომელმაც დავა მოიგო? რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაში ბევრი რამ უშლის ხელს? მხოლოდ იმით დაკმაყოფილდეს რომ დავა მოიგო? აღსრულებას ხომ ხანდაზმულობის ვადა აქვს და ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ მოვალეს ეს თანხა შესაძლოა სულაც ჩამოეწეროს...
ამასობაში კი ინვესტორები, რომლებიც არც თუ მოჭარბებულად გვყავს, საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეჭვქვეშ აყენებენ და ვიდრე შრომა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე წყალში ჩაიყრება, სწორედ ამ გაჭიანურებულ დავებს და დავების აღსრულებას უნდა შველა.