ფოთის ტერმინალის პროექტში მთავრობის ინტერესების დამცველ HoganLovells-თან კონტრაქტი გაგრძელდება
ფოთის ახალი ტერმინალის მშენებლობის პროექტში მთავრობის ინტერესების დამცველ Hogan Lovells-თან ხელშეკრულება გახანგრძლივდება.
ეკონომიკის სამინისტრომ იურიდიული ფირმა Hogan Lovells-ი ივნისის ბოლოს დაიქირავა, კორონავირუსის პანდემიის გამო მომსახურების შესყიდვის ვადა 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.
კომპანიას საქართველოს მთავრობა 1.2 მილიონ დოლარად ქირაობს, სანაცვლოდ, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროექტში სახელმწიფოს სათანადო მონაწილეობის უზრუნველყოფა. ეს მოიცავს Term Sheet-ის პროექტის მომზადებას, საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტის მომზადებას და ინვესტორთან/ოპერატორთან მოლაპარაკებებში დახმარებას.
„კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ცნობით, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სავარაუდო ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 350 მლნ დოლარია. პროექტი ასევე გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გარკვეული მიწის ნაკვეთების ოპერატორისთვის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გადაცემას.
„გათვალისწინებელია, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა ითამაშეს გარკვეული როლი პროექტის ვადების გაჭიანურებაში, რადგან პირველადი ხელშეკრულება ითვალისწინებდა Hogan Lovells Internationla LLP-ის წარმომადგნელთან პირისპირ შეხვედრებს, მათ უშუალო ჩართულობას და კონსულტაციებს შესაბამისი დოკუმენტების მომზადების პროცესში, რაც არსებულ პირობებში გახდა შეუძლებელი და ჩანაცვლდა ონლაინ ვიდეო-კონფერენციების ფორმატით, რაც ბუნებრივია, ნაკლებად ეფექტურია და ასევე მოითხოვს დამატებით კოორდინაციას“, - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაში.