Flexly-ს დამფუძნებელი: სამშენებლო კომპანიების უმრავლესობა ხმის იზოლაციაზე თანხებს არ ხარჯავს
მრავალსართულიან კორპუსებში, მათ შორის ახლადაშენებულ სახლებში ხმის იზოლაციის დაბალი ხარისხი ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა და სამშენებლო კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ის პრიორიტეტი არ არის.
„ბიზნესპარტნიორთან“ ხმის იზოლაციის კომპანია Flexly-ს ხელმძღვანელი გიორგი უგრეხელიძე ამბობს, რომ მშენებლობის თვითღირებულების შემცირების მიზნით სამშენებლო კომპანიები არ სწევენ ხარჯებს ხმის იზოლაციაზე, რის შედეგადაც მომხმარებელი ზარალდება და იღებს კარგად გარემონტებულ, თუმცა ისეთ ბინას, სადაც განტვირთვა და მშვიდად ცხოვრება შეუძლებელია.
„გვქონდა შემთხვევა, როდესაც მოგვმართა ელიტურ უბანში აშენებული კორპუსის ბინის მეპატრონემ. ამ ძვირადღირებულ ბინაში ხმის იზოლაცია პრაქტიკულად არ არსებობდა, რის გამოც ზედა მეზობლის სიარულიც კი დიდ ხმას გამოსცემდა, საუბარი აღარაა ბავშვების სირბილსა და ავეჯის გადაადგილებაზე. მეპატრონე იმდენად იყო შეწუხებული, რომ დათანხმდა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად რემონტი თავიდან გაეკეთებინა,“ - განაცხადა უგრეხელიძემ. მისი თქმით, პრობლემაა თავად მომხმარებლების მიდგომაც, რომლებიც ხშირად რემონტის პროცესში არღვევენ ხმის იზოლაციის ნორმებს - ეს ეხება მაგალითად ელექტროგაყვანილობის სწორად დამონტაჟებას, ასევე საკანალიზაციო მილებს და ა.შ. უკვე გაკეთებული რემონტის შემდეგ კი პრობლემის გამოსწორებას ფაქტობრივად ახალი რემონტი სჭირდება.
გიორგი უგრეხელიძის თქმით, სამშენებლო კომპანიები საკუთარი პროდუქტის გაყიდვისას მომხმარებლებს არ აწვდიან ინფორმაციას, რეალურად რამდენად დაცულია ბინებში ხმის იზოლაცია, მომხმარებელიც არ აქცევს ამ საკითხს ყურადღებას და პრობლემას მხოლოდ ბინაში ცხოვრების დაწყების შემდეგ აღმოაჩენს.
კითხვაზე, როგორ უნდა დაიზღვიოს თავი მყიდველმა მსგავსი პრობლემებისგან, უგრეხელიძე პასუხობს, რომ საუკეთესო მეთოდი ევროპაში აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც ყიდვამდე მომხმარებელი ქირაობს სპეციალიზებულ კომპანიას და ბინის ხმის იზოლაციის შესახებ დასკვნას უკვეთს. ეს კი შავი კარკასის ეტაპზე უნდა მოხდეს, რათა რემონტი სწორად დაიგეგმოს.
ბინაში ხმის იზოლაციის შეფასებას მომხმარებელს Flexly-ც სთავაზობს. ამ მომსახურების ფასი კვადრატულ მეტრზე 5-7 ლარამდეა. დასკვნაში შედის როგორც შეფასება, ისე რეკომენდაციები - მაგალითად, როგორი ლამინატი უნდა დაიგოს, საჭიროა თუ არა სპეციალური ხმის საიზოლაციო მასალების გამოყენება რემონტის პერიოდში. კომპანია ასევე ახორციელებს ხმის საიზოლაციო სამუშაოებს სპეციალური მასალებით.
რაც შეეხება მოთხოვნას ხმის იზოლაციაზე, Flexly-ს ხელმძღვანელის თქმით, ზრდა არის, თუმცა უმნიშვნელო, რადგან საქართველოში ხმის იზოლაციაზე ზრუნვის კულტურა ჯერაც არ არის მაღალ დონეზე და, ევროპისგან განსხვავებით, პრიორიტეტებში წინა პლანზე კარგი რემონტი და ძვირადღირებული მასალებია.