ბიზნესი
30/06/2020

ფიტნეს-ცენტრები და აუზები ჯერ კიდევ ვერ იხსნება

6 ივლისიდან გარკვეული ეკონომიკური საქმიანობები დასაშვები იქნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით ორშაბათიდან გამოფენები, ტრენინგები, კონფერენციები სასტუმროებში დასაშვები იქნება.

ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპზე შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხო ფიტნეს-ცენტრებსა და აუზებს. ნათია თურნავას განმარტებით ამ ბიზნესების ამუშავება შემდეგ ეტაპზე განიხილება.

"კიდევ არის დარჩენილი ბიზნეს საქმიანობები, რომლებზეც კვლავ რჩება შეზღუდვები და გარკვეული რაოდენობა დიდი ალბათობით ორშაბათიდან იქნება დაშვებული, რაზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. პროტოკოლებს მცირე დაზუსტება დასჭირდება და უკვე ორშაბათისთვის ეს ყველაფერი გამოქვეყნდება. ეს საშუალებას მოგვცემს ტრენინგ-პროგრამები გაგრძელდეს და ასევე სასტუმროებს დავეხმარებით, რომ არ დაკარგონ შესაძლებლობა, მოემსახურონ ასეთ ღონისძიებებს. საგამოფენო საქმიანობას რაც შეეხება, აქაც გახსნა მოხდება ასევე წესების დაცვით.

გვესმის, ყველა დახურული ბიზნესის პრობლემა, ეს არის ფიტნეს-ცენტრები, აუზები, მაგრამ შედარებით მომატებული რისკების საქმიანობაა და შემდეგ ეტაპზე შევეცდებით მათთვის შეზღუდვების მოხსნას პროტოკოლების დაცვით. ამ ეტაპზე ამაზე არ ვსაუბრობთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner