Fitch-ი GOGC-ს რეიტინგებს აღარ მიანიჭებს - კორპორაციის ბოლო რეიტინგი BB
Fitch-ი „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ (GOGC) რეიტინგებს აღარ მიანიჭებს.
„რეიტინგები მოხსნილია კომერციული მიზეზით. Fitch-ი აღარ უზრუნველყოფს კომპანიის რეიტინგების მინიჭებას, ან ანალიტიკური ანგარიშების მომზადებას“, - აცხადებს სარეიტინგო სააგენტო.
Fitch-მა „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ბოლო რეიტინგი „BB“ დონეზე დაუდასტურა, პროგნოზით „ნეგატიური“.
სააგენტო მიიჩნევს, რომ 2022 წლისთვის კორპორაცია შეძლებს სავალო წნეხის შემცირებას, ელექტროენერგიის წარმოების სექტორში EBITDA-ს გაუმჯობესებით. რეიტინგი ასევე ასახავს GOGC-ის მონოპოლიურ როლს ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სფეროში.
ამასთან, სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ 2020-21 წლებში გაზის სექტორში მარჟის კლებას ელექტროენერგიის სექტროში EBITDA -ს ზრდა დააკომპენსირებს.
შეფასებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის კიდევ ერთი ახალი თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“ 2023 წელს შევა ექსპლუატაციაში. რაც შეეხება გაზსაცავის პროექტს, Fitch-ი მიიჩნევს, რომ პროექტის დაწყება ისევ გადავადდება.
ამავე შეფასებიდან ცნობილი ხდება, რომ „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ 2021 წლიდან დივიდენდს არ გადაიხდის.
შეგახსენებთ, 26 აპრილს, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2016 წელს განთავსებული 250 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა.
რეფინანსირება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდა,
10 წლიან სასესხო ხელშეკრულებას, კორპორაციამ, 2020 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. აღნიშნული სასესხო რესურსით, ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად, ყოველწლიური საპროცენტო ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდა.