ბიზნესი
30/11/2020

ეპიდემიოლოგიურ პიკში - რაზეა დამოკიდებული მდგომარეობის გაუმჯობესება

პიკში ვართ და რამდენ ხანს გაგრძელდება ის, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

"პიკს ვპროგნოზირებდით ნოემბრის მეორე ნახევარში. ინფიცირების ახალი გამოვლენის მაჩვენებელი ყოველდღიურად 4000-მდეა. ჩვენ პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, როგორ დავიცავთ იმ რეგულაციებს, რომელიც დაწესებულია. შესაძლებელია, იყოს კიდევ უფრო ზრდა, მაგრამ დაახლოებით ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ კი ინფიცირებულია 135 584 ადამიანი. 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 937 პირი, სულ გამოჯანმრთელებულია 113 986 პაციენტი.

კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევაა, სულ 1 267 გარდაცვალების შემთხვევაა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 305. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 104 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 822 ადამიანი.