ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონების ამოქმედება გვიანდება
ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული რეგულაციების მიღება და კანონის ამოქმედება გვიანდება. ამ დროისთვის მიღებულია კანონები „ზოგადი ენერგოეფექტურობის შესახებ“, „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“, თუმცა, ამოქმედება შეფერხებულია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ დირექტორმა გიორგი აბულაშვილმა განუცხადა, კანონის ძალაში შესასვლელად და რეალურად, ცხოვრებაში ასამოქმედებლად უამრავი ტექნიკური და ნორმატიული დოკუმენტის მიღებაა საჭირო, ხოლო ამ ნორმატიული დოკუმენტების მიღმა საჭიროა სისტემების შექმნა, რაც კანონის ამუშავებას, გაცოცხლებას უზრუნველყოფს.
„შემუშავებულია კანონქვემდებარე აქტების ნაწილი, მაგრამ შესამუშავებელია გაცილებით უფრო მეტი. მაგალითად, შენობების ენერგოეფექტურობის კანონის მიხედვით, შემუშავებულია ორი კანონქვემდებარე აქტი, რომელიც განსაზღვრავს შენობების მინიმალურ ენერგეტიკულ მახასიათებლებს და ქვეყნის სამშენებლო კლიმატურ ზონებს აყალიბებს. სამი ზონა იქნება ასეთი: დაბლობი დასავლეთ საქართველო, დაბლობი აღმოსავლეთ საქართველო და საქართველოს მთიანეთი. განსაზღვრულია, ამ ზონებში რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის შენობა. სხვადასხვა ზონისთვის მოთხოვნები განსხვავებულია. ეს რომ ძალაში შევიდეს, საჭიროა, სამშენებლო კომპანიებმა და არქიტექტორებმა, შენობების დამპროექტებლებმა გადაახალისონ საკუთარი ცოდნა ამ მიმართულებით, და ეს ყველაფერი პროექტებში გაითვალისწინონ. ასევე, მუნიციპალიტეტების არქიტექტურულ-სამშენებლო სამსახურებმა, ვინც ნებართვას გასცემს, განაახლონ საკუთარი ცოდნა ამ მიმართულებით, რათა შეეძლოთ უფლების გაცემა,“ - ამბობს გიორგი აბულაშვილი.
მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ იწყება კანონის რეალურად ამოქმედების პროცესი.
„სამშენებლო კომპანიებმა არამხოლოდ ნახაზებზე უნდა ნახონ, არამედ საკუთარი დაქირავებულების მეშვეობით, ამ ყველაფრის განხორციელება შეძლონ. ანუ გარკვეული პროფესიული ცოდნის გაღრმავებაა საჭირო. მაგალითად, სწორად როგორ უნდა დაამონტაჟონ კედლის თბოიზოლაცია, როგორ უნდა დამონტაჟდეს განახლებადი ტექნოლოგიები, როგორ დამზადდეს და დამონტაჟდეს ფანჯრები, რათა ის მოთხოვნები, რაც კანონს სჭირდება, შესრულდეს. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს პროფესიული განათლების სისტემა. გარკვეულ სპეციალისტებს დასჭირდებათ სპეციალური სერტიფიკატი“ - აცახდებს გიორგი აბულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.
მისი განმარტებით, ამ ყველაფერს მნიშვნელოვანი დრო სჭირდება, თუმცა, თავიდანავე ამბიციური და შეზღუდული დრო იყო განსაზღვრული.
„ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ გარკვეული დრო დაიკარგა კიდეც. ძირითადი მიზეზი არის ის, რომ როდესაც კანონმდებლობა შემუშავდა, საქართველოს მთავრობას მოლაპარაკება ჰქონდა „გერმანიის განვითარების ბანკთან“, მათი ტექნიკური დახმარების პროექტი უნდა დაწყებულიყო, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებდა. ამ პროექტის დაწყების პროცესი შენელდა. ახლა კანონქვემდებარე აქტებზე, სერტიფიცირების და განათლების საკითხებზე უკვე მიდის მუშაობა. თუმცა, ამ ყველაფერმა დროში გადაწია კანონქვემდებარე აქტების მომზადება და იმ სისტემის ამოქმედება, რომელიც აუცილებელია მოთხოვნების შესასრულებლად,“ - ამბობს გიორგი აბულაშვილი.
ენერგოეფექტიანობის კუთხით არსებულ ვალდებულებების შესრულების დაგვიანებაზე საუბარია ევროპარლამენტის კვლევაშიც. კვლევა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო საკანონმდებლო პროცესების კუთხით სწორ გზაზეა, თუმცა, ის კვლავაც დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში.