ელსელემა პირბადეების წარმოებას იწყებს
სამკერვალო საწარმო „ელსელემა“ მზარყოფნას გამოთქვამს აქტიურ რეჟიმში დაიწყოს პირბადეების წარმოება. კომპანია პროდუქტის წარმოების დაწყებას უკვე ამ კვირის განმავლობაში გეგმავს. პირბადეების სარეალიზაციო ფასი დაახლოებით 50-დან 70 თეთრამდე იქნება.
„ელსელემას“ ნიმუშები შესამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრში უკვე გადაგზავნილი აქვს. პასუხებს დღეს საღამოს ან ხვალ ელოდებიან.
კომპანიას, როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დასამზადებლად ძირითადი მასალები გააჩნია, თუმცა არის ისეთი კომპონენტებიც, რომლებიც საქართველოს ბაზარზე არ მოიპოვება და იმპორტირებას საჭიროებს.
როგორც „ელსელემას“ დამფუძნებელმა ელგუჯა მამასახლისმა ბიზნესპარტნიორთან განაცხადა, წარმოების გასამარტივებლად მსოფლიოში არსებობს სპეციალური დანადგარი ე.წ. მაღალტემერატურის შტამპი, რომელსაც მოიხმარს მაგ. ჩინეთი. მაგრამ, ვინდაიდან საქართველოში პირბადეების წარმოება აქამდე არ ხდებოდა და პროდუქტის იმპორტი ძირითადად ჩინეთიდან ხორციელდებოდა, აღნიშნული დანადგარი ქვეყანას არ გააჩნია.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დანადგარს „ელსელემა“ თავადვე შეიძენდა, რომ არა ჩამოტანის დრო და ტრანსპორტირების პრობლემა. კოპმანიას პირბადეებს სამკერვალო დანადგარების გამოყენებით შეკერვა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა კი პირბადეების აქტიურ რეჟიმში წარმოების დაწყება იყო.