ელკომერცია საფოსტო კომპანიებისთვის მაშველ რგოლად იქცა
„ელექტრონული კომერცია საფოსტო კომპანიებისთვის მაშველი რგოლი აღმოჩნდა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ FedEX საქართველოს გენერალური დირექტორმა განუცხადა. ნინო მენთეშაშვილის განმარტებით, ბიზნესის ბრუნვის შემცირება საფოსტო გადაზიდვებზეც უარყოფითად აისახა, თუმცა კლების ტენდენცია ელექტრონულ კომერციაზე მზარდმა მოთხოვნამ დააბალანსა.
„როგორც ცნობილი გახდა, ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნის ზრდის გამო Amazon-მაც კი გააორმაგა პერსონალი. ყველა მიმართულებით აქტივობა მაღალია. ჩვენც წარმატებულად ვაკმაყოფილებთ იმ მოთხოვნებს რაც ასეთ მსხვილ კომპანიებს ჩვენთან ურთიერთობისას აქვთ,“ - განაცხადა ნინო მენთეშაშვილმა.
მისივე განმარტებით, საფოსტო კომპანიების შემოსავლებზე უარყოფითად ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი აისახება: ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ავიაგადაზიდვების მზარდი ტარიფები.
„პანდემიის პირველი დარტყმა უფრო მტკივნეული იყო. პირველი აკრძალვების შემდეგ ნელ-ნელა ვადაპტირდით, ვცდილობთ რომ მომხმარებლებს ისეთივე ეფექტური და ხარისხიანი მომსახურება მივაწოდოთ, როგორც პანდემიამდე ვაწვდიდით. ის შეფერხებები რაც გვქონდა ოპერაციული და არა ფინანსური თვალსაზრისით, დაძლეულუია,“ - განმარტა FedEX საქართველოს გენერალურმა დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, შეინიშნება ტენდენცია, რომ ლოჯისტიკურმა ცენტრებმა დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ ევროპაში გადმოინაცვლა.
„თუ ჩვენ შესაფერის ინფრასტრუქტურას და საკანონმდებლო ბაზას შევქმნით, ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი რომ რეგიონში ლოგისტიკური ჰაბი გახდეს. ჩინეთს და შორეულ აღმოსავლეთს ნუ გადავწვდებით ის ჩვენი ბაზარი არ არის,“ - აღნიშნა ნინო მენთეშაშვილმა.