ბიზნესი
12/01/2023

ელგუჯა მელაძე: ყველა დამსაქმებელს უნდა, რომ დასაქმებული კმაყოფილი იყოს

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგებში დასაშვები სამუშაო საათების რაოდენიბა კვირაში 48 საათიდან 40 საათამდე შემცირდება.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დამსაქმებელთა ასოციაცია. გაერთიანების პრეზიდენტი, ელგუჯა მელაძე განმარტავს, რომ არიან სექტორები, რომელთაც დამკვეთებთან გრძელვადიანი ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული და მათთვის 48 საათიანი სამუშაო დრო მნიშვნელოვანია. 

"ჩვენს გარშემო მყოფი დამსაქმებლები სიძუნწით არ გამოირჩევიან. პირიქით, ყველა დამსაქმებელს უნდა, რომ თავისი დასაქმებული კმაყოფილი ჰყავდეს. თუ იგი კმაყოფილი არ იქნა, თავის მიზნებს ვერ შეასრულებს, ბიზნესი ვერ იქნება მდგრადი და შესაბამისად, ეს დასაქმებული შეიძლება, წავიდეს სხვა, კონკურენტ კომპანიაში სამუშაოდ. 

ყველა კომპანია, რომელიც საქმიანობდა 48 საათიან სამუშაო რეჟიმში, მათ აქვთ შესაბამისი დაკვეთები. მათ შესაბამისი ვალდებულებები აქვთ თავიანთ დამკვეთებთან. ეს ვალდებულებები გაწერილი აქვთ ბიუჯეტში, დროში და სწორედ ეს ყველაფერი ქმნის გარკვეულ გაუგებრობას. 

ცნობისთვის, ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება 26 დეკემბერს შევიდა და 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.