ბიზნესი
09/10/2020

ელექტრომობილების დამტენების აპლიკაცია - E-space-მა პროექტში 150 000 ლარი ჩადო

კომპანია E-space მძღოლებს ელექტრომანქანების დამტენების მოძიების გამარტივებულ შესაძლებლობას აძლევს.

კომპანიამ აგვისტოდან უკვე გაუშვა აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც E-space-ის ყველა დამტენი ერთ სივრცეშია თავმოყრილი და მძღოლები შეეძლებენ ონლაინ მოიძიონ და ისარგებლონ საქართველოში არსებული დამტენები.

პროექტის განხორციელება კომპანიას 150 000 ლარამდე დაუჯდა.

E-space-ის საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელი დავით იოსავა "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ახალ აპში დაემატა რამდენიმე ფუნქციონალი: ფილტრების მენიუ სასურველი დამტენების მოსაძიელად, დამტენების ფავორიტებში დამატება, ნავიგაციის სისტემა, დამტენების და ლოკაციების საძიებო ველი, გამარტივდა რეგისტრაცია, შესაძლებელია ერთი მომხარებლის მიერ პარალელურად ორი ელექტრომობილის  დამუხტვა და გაუმჯობესდა გადახდის ფუნქციონალი, ასევე გაჩნდა ორი ოპცია: „სრულად დამუხტვამდე“ და „დამუხტვა თანხის მითითებით.“

„აპლიკაციით სარგებლობისთვის საჭიროა, დამტენის სადენით დაკავშირება სადგურის ელექტრომობილთან, შემდეგ ავტორიზაცია-რეგისტრაციის გავლა, საბანკო ბარათის მიბმა, სასურველი დამტენის მოძიება რუკაზე და დამტენი სადგურის გააქტურება აპლიკაციიდან. ელექტრომობილის მფლობელებს აპლიკაცია დაეხმარება სასურველი ლოკაციის არჩევაში, ასევე შესაძლებელია დამტენის სტატუსი შემოწმება და ხშირად გამოყენებული დამტენების სიის შექმნა", - განმარტავს იოსავა.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ელექტრომობილების დამტენების კუთხით, საქართველოში ავტორიზებული რისელერია ისეთი გიგანტური ბრენდებისა, როგორიც არის ABB და KEBA, კომპანიაში მომხმარებლებს შეუძლიათ დამტენების აქსესუარების შეძენაც. გაყიდვაშია ქარხნული და სერტიფიცირებული დამტენი კაბელები გარანტიით.

ამავდროულად E-space-ი გერმანული ელექტროსკუტერების ბრენდი UNU-ს ექსკლუზიური პარტნიორიa.

E-space-ის ქსელში ამ დროისთვის 150-ზე მეტი ელექტომობილის დამტენია, მათ შორის საჯარო ქსელში განთავსებულია 80-მდე დასამუხტი სადგური, აქედან 7 სწრაფი დამტენი განთავსებულია თბილისი-ბათუმის მაგისტრალზე.