ბიზნესი
21/10/2020

ექსპორტის 20%-იანი ზრდა და 5 ახალი პარტნიორი - “თბილღვინო“ პანდემიის პირობებში

ღვინის მწარმოებელმა კომპანია „თბილღვინომ“ პანდემიის პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე 5 ახალი პარტნიორი დაიმატა.

ბელორუსსა და ესტონეთში გადატვირთვები სისტემატურად მიმდინარებს. რაც შეეხება ბრიტანეთის ბაზარს, მათთან  პირველი გადატვირთვა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე განხორციელდება.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მარგველაშვილის განცხადებით, 2020 წლის მარტიდან დღემდე  კომპანიას გაყიდვების დაახლოებით 70%-იანი ვარდნა აქვს. ამის მიზეზი პანდემია და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიღებული რეგულაციებია. საუბარია, რესტორნების 22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვაზე.

როგორც კომპანიის  ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მიუხედავად ამისა, კომპანიას ექსპორტზე აქვს ძლიერი პოზიციები, რომელიც საქართველოს ბაზრის დანაკარგს აკომპენსირებს.

„ჩვენი გაყიდვების 90%-ზე მეტი მოდის 30-ზე მეტ ქვეყანაზე. აქტიურად ვყიდით ღვინოებს და აღნიშნულ ქვეყნებში გვყავს დაახლოებით 70 პარტნიორი. გასული წლის 9 თვეს თუ შევადარებთ მიმდინარე წლის 9 თვის ექსპორტის მაჩვენებლებს, 20%-იანი ზრდა გვაქვს. ამას ჩვენი წარმოებული ღვინის ხარისხით ვხსნი. ჯერ-ჯერობით საწარმოო პროცესში შეფერხება არ გვქონია, იმედია, რომ არც გვექნება როგორც თბილისში, ისე კახეთში. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და ვცდილობთ ვიყოთ დროული და ადეკვატური. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველწლიურად ჩვენი წარმოებული ღვინის ხარისხი გაიზარდოს. ამის საზომი არის სამი პრემიალური კონკურსი, რომელიც ლონდონში იმართება. ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად 20-ზე მეტ მედალს ვიღებთ. ჩვენი წარმოებული ღვინის ხარისხი, სანდოობა და მოთხოვნა მაღალია, შესაბამისად, ვცდილობთ, მიუხედავად კრიზისისა, გაყიდვები გავზარდოთ ან შევინარჩუნოთ,“ - აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისისა და იმერეთის შემდეგ რესტორნების მუშაობა მცხეთაშიც იზღუდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნებს მცხეთაშიც მუშაობის შესაძლებლობა 22:00 საათამდე ექნებათ.