ბიზნესი
22/12/2022

ეფეს საქართველო: 2022 წელს ლუდის ინდუსტრია 3-5%-ით გაიზარდა

„ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  2022  წელს აფასებს და აცხადებს, რომ გაზრდილია კომპანიის გაყიდვები როგორც ლუდის, ისე არაალკოჰოლური სასმელების მიმართულებით.

როგორც ხუნძაკიშვილი განმარტავს, ლუდის ინდუტრია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 3-5%-ით გაიზარდა. ამავე დროს გაზრდილია „ეფეს საქართველოს“ ბაზრის წილიც.

„გაყიდვების ზრდა ვიზიტორების (მიგრანტები) შემოსვლამ (მათ შორის არიან რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან) და უცხოელი ტურისტების ნაკადებმა  გამოიწვია. მოხმარება ყველა მიმართულებით გაიზარდა, რამაც სამწუხაროდ ზოგადად, ინფლაციური პროცესებიც გამოიწვია,“-აცხადებს ხუნძაკიშვილი.

მისივე განმარტებით,, წელს კომპანიამ 100 მლნ ლიტრი სასმელი ჩამოასხა (ლუდი და ლიმონათი).

როგორც ხუნძაკიშვილი აცხადებს,  წელს ექსპორტზე  დაახლოებით 50 მილიონი ლიტრი სასმელი (ლიმონათი და ლუდი)  გაიყიდა. აქედან 2 მილიონ ლიტრამდე ლუდია, რომლის ექსპორტი ძირითადად, ქართულ რესტორნებში ხდება.  

როგორც ხუნძაკიშვილი აცხადებს,  ამ დროისთვის გამაგრილებელი სასმელი „ნატახტარი“ ევროპის დაახლოებით 25 ქვეყანაში იყიდება. მათ შორისაა,  მთლიანად ევროკავშირის ბაზარი, აშშ,ჩინეთი, ცენტრალური აზია და ა.შ.  

„ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორატიულ საქმეთა დირექტორი მიმდინარე წელს განხორციელებულ ინვესტიციებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიამ წელს  15 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. შედეგად, დამონტაჟდა შუშის ბოთლის ახალი ჩამომსმხმელი ხაზი.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ლუდის ბაზარზე გადანაწილდა სეგმენტაცია, თუ პანდემიის პერიოდში საზოგადოება უპირატესობას ეკონომიურ პაკეტს (პლასტმასის 2 ლიტრიანი,2.5 ლიტრიანი შეფუთით) ანიჭებდა, ახლა აქცენტი მინის ბოთლსა და ქილაზე კეთდება.

ხუნძაკიშვილი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია „ეფეს საქართველო“ არ ჩერდება და პროდუქტების გაფართოებაში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.მათ შორის, იგეგმება საექსპორტო ბაზრების მიმართულებით გაძლიერებაც.