“ძვირადღირებულ სმარტფონებზე მოთხოვნა დაახლოებით 70%-ით შემცირდა“
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ელექტრონიკაში“ მოთხოვნა ძვირადღირებულ სმარტფონებზე დაახლოებით 70%-ით შემცირდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ბიუჯეტურ, 700 ლარამდე ღირებულების სმარტფონებზე.
მათივე ინფორმაციით, ძვირადღირებულ მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას მხოლოდ 30-40% ყიდულობს, დანარჩენი კი მაინც ბიუჯეტურ მოდელებს ანიჭებს უპირატესობას.
“ბოლო პერიოდში პანდემიის გამო ყველაზე პოპულარული ნივთები იყო ლეპტოპი და მობილური; მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაში კი ლიდერობს მაცივარი, ქურა და სარეცხი მანქანა,“ - განმარტავენ „ელექტრონიკაში“.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ „ელექტრონიკას“ შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლებით 22%-ითაა გაზრდილი.
„ვფიქრობთ, ეს მაჩვენებელი უფრო მეტად უნდა გაზრდილიყო, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვია ის, რომ ძალიან მცირედი ზრდა გვაქვს. ხელისშემშლელ ფაქტორებს შორისაა ლარის გაუფასურება, პანდემია და შემდგომ ამით გამოწვეული დაბალი სარეკლამო ბიუჯეტი,“ - აცხადებენ „ელექტრონიკაში".
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში სატელეფონო აპარატებისა და სმარტფონების იმპორტი თანხობრივ მაჩვენებელში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით შემცირდა და 114.5 მლნ დოლარი შეადგინა.