ბიზნესი
15/09/2021

დუშეთის მერი: ხახაბოში, სადაც ერთი ოჯახი ცხოვრობს, გზა მომავალ წელს გაკეთდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  მთის სოფლებში არსებულ მდგომარეობას, უფრო კონკრეტულად კი, სოფელ ხახაბოს ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებასა და   სამომავლო პერსპექტივაზე „ბიზნესპარტნიორთან“ ეხმიანება.

როგორც ცნობილია, გუშინ „ბიზნესპარტნიორზე“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხახაბოში ცხოვრობს მხოლოდ ერთი ოჯახი, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს. სოფელში არ არის, დენი, სამანქანო გზა, სამედიცინო პუნქტი და არანაირი ინფრასტრუქტურა, გადაადგილება კი მხოლოდ ცხენით არის შესაძლებელი.

სეხნიაშვილის განცხადებით, ხახაბოში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დუშეთის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია, შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.

„ფშავ-ხევსურეთისკენ რთული და ცუდი გზებია, რთული რელიეფის გამო, აქ 290 სოფელია და აქედან 70% მთაა. იქ გზების მიყვანა ძალიან რთულია. მიხედავად ამისა, ჩვენი მთავრობის დროს ისტორიული საქმე გაკეთდა - გაიჭრა გზა. ამ ეტაპზე ვერ შევძლებთ გზების მოხრეშვას და ასე შემდეგ. რთული რელიეფია, თუმცა, მომავალი წლისთვის დაიგეგმება. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს სამუშაოები საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს,“ - აცხადებს სეხნიაშვილი.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით ხახაბოში, აღნიშნულ ოჯახს და სხვადასხვა სოფელში, ჯამში 60 კომლს მზის ბატარიები დაუმონტაჟდა. ადგილზე ელექტროენერგიის მიყვანა კი დიდი ალბათობით ვერ მოხდება. აღნიშნულ სოფლებში მოხდა ინტერნეტიზაციაც.

„ეს ენერგო-პრო ჯორჯიას საქმეა, თუმცა რელიეფიდან გამომდინარე, ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი ვერ მოხდება,“ - აცხადებს სეხნიაშვილი.

შეგახსენებთ, ხახაბო ხევსურეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია, 2135 მეტრ სიმაღლეზე, დათვიჯვრიდან მარჯვნივ, წუბროვანისა და ჭანჭახის უღელტეხილის მხარეს, 12 კილომეტრში მდებარეობს. გასული საუკუნის შუახანებში აქ 60-მდე კომლი ცხოვრობდა, 80-90-იანი წლებისთვის კი 5-6 ოჯახი იყო შემორჩენილი.

დღეს აქაურობა დაცლილია, შუა საუკუნეების კოშკები და ციხე-სახლები – დანგრეული.ცხოვრობს მხოლოდ ერთი ოჯახი, რომელიც თავს საკუთარი მეურნეობით და საოჯახო სასტუმრო „ხახაბოთი“ ირჩენს.

„მართალია ერთი ოჯახია და სხვაგან შეიძლება უფრო მეტი პრობლემა იყოს, მაგრამ ვფიქრობ, ქვეყნისთვის ეს პოტენციალი და წამოწყება იმდენად საინტერესოა, რომ ვიმსახურებთ ამ ყურადღებას,“ - აცხადებს ბარნაბიშვილი.

კითხვაზე, როგორ ახერხებს სოფელში, სადაც არ არის მისასვლელი სამანქანე გზა, ოჯახი ცხოვრებას და ბიზნესის წარმოებას, ბარნაბიშვილი აღნიშნავს, რომ პროდუქტების მომარაგებას ისინი წინასწარ ახდენენ.