სასტუმრო "ხახაბო": ტურისტები ცხენებით ამოგყვავს, პრაქტიკულად გზა არ არსებობს
ხევსურეთში, დუშეთის რაიონის სოფელ ხახაბოში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ხახაბო“ პანდემიის მიუხედავად, ტურისტებისთვის საინტერესო, მიმზიდველი და აქტუალურია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს მენეჯერმა ნინო ბარნაბიშვილმა განუცხადა, 2 თვის წინ, დუშეთის რაიონში დაწყებული საოჯახო ბიზნესი დღეს იმდენად პერსპექტიულია, რომ სასტუმროს მფლობელი უკვე გაფართოებაზე ფიქრობს.
მისივე ინფორმაციით, წელს 4 ნომრიან სასტუმროში დამსვენებლების 50% ადგილობრივები, 50% კი უცხოელები არიან. მათ შორის სტუმრები პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან.
„საქართველოში ორი ხახაბოა, ერთი თუშეთში, მეორე – ხევსურეთში. ჩვენ ხევსურეთში ვართ. სოფელში მხოლოდ ჩვენ ვცხოვრობთ, რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა, სხვა სოფელში მარო ბებო, რომელიც არ ტოვებს წინაპრის სამოსახლოს,“ - აცხადებს ბარნაბიშვილი.
რამდენად აქვს ხევსურთს ტურისტული პოტენციალი და რას ვთავაზობთ ჩამოსულ ტურისტს, სასტუმრო „ხახაბოს“ მენეჯერი განმარტავს, რომ შატილამდე (რომელიც ხევსურეთის ცენტრია) მიმავალი გზა საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. თუმცა, დათვიჯვრიდან სოფელ ხახაბომდე მისასვლელი გზა პრაქტიკულად არ არსებობს.
„ხახაბოს ისტორიაში სამანქანე გზა პირველად, ერთი წლის წინ გაიჭრა, თუმცა, აქამდე არ გაწმენდილა. ზამთარში ქანები ჩამოდის. არის მხოლოდ საცალფეხო და საცხენოსნო ბილიკი.
ტურისტებს კი ერთი კონკრეტული ადგილიდან (მათი სურვლის შემთხვევაში) უკვე ცხენებით ვხვდებით და ამოგვყვავს. გზა გაკეთებადია, უბრალოდ უფრო მეტი ყურადღების მიქცევაა საჭირო მუნიციპალიტეტის მხრიდან.
მართალია ერთი ოჯახია და სხვაგან შეიძლება უფრო მეტი პრობლემა იყოს, მაგრამ ვფიქრობ, ქვეყნისთვის ეს პოტენციალი და წამოწყება იმდენად საინტერესოა, რომ ვიმსახურებთ ამ ყურადღებას,“ - აცხადებს ბარნაბიშვილი.
კითხვაზე, როგორ ახერხებს სოფელში, სადაც არ არის მისასვლელი სამანქანე გზა, ოჯახი ცხოვრებას და ბიზნესის წარმოებას, ბარნაბიშვილი აღნიშნავს, რომ პროდუქტების მომარაგებას ისინი წინასწარ ახდენენ.
„ფქვილს, შაქარს და მსგავსს პროდუქტს ვიმარაგებთ. დანარჩენი - ყველი, კარაქი, რძე, დო, ბოსტნეული და ადგილობრივი მწნილი, ხორცი ადგილზე გვაქვს. სასტუმროში კვებას ნებისმიერი დამსვენებელს უპრობლემოდ ვთავაზობთ,“ - აცხადებს ბარნაბიშვილი.
შეგახსენებთ, ხახაბო ხევსურეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია, 2135 მეტრ სიმაღლეზე, დათვიჯვრიდან მარჯვნივ, წუბროვანისა და ჭანჭახის უღელტეხილის მხარეს, 12 კილომეტრში მდებარეობს. გასული საუკუნის შუახანებში აქ 60-მდე კომლი ცხოვრობდა, 80-90-იანი წლებისთვის კი 5-6 ოჯახი იყო შემორჩენილი.
დღეს აქაურობა დაცლილია, შუა საუკუნეების კოშკები და ციხე-სახლები – დანგრეული.