ბიზნესი
01/05/2020

“დოქტორ გუდსი” ევროპული საქართველოს ბრალდებას პასუხობს

კომპანია “დოქტორ გუდსი” ევროპული საქართველოს გავრცელებულ ინფორმაციას ცრუ ბრალდებას უწოდებს.

კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტი მოიცავს 50 000 ცალ ბიოლოგიური უსაფრთოების კომბინიზონის შესყიდვას 15 ლარად, რაც  უკონკურენტო ფასია.

“გვინდა, გამოვეხმაუროთ, ევროპული საქართველოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო ინვენტარის შესყიდვას.

განცხადებაში, აღნიშნული პოლიტიკური პარტია ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, თითქოსდა კომპანია „დოქტორ გუდსი“–ს შესახებ ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტ სივრცეში და მისი დამფუძნებელია საპარტნიორო ფონდი.

შპს „დორქტორ გუდსი“ დაარსდა 2018 წლის დეკემბერში, თითქმის 1 წელი მიმდინარეობდა საწარმოს რემონტი და აღჭურვა საჭირო დანადგარებით. 2019 წლის აგვისტოში კომპანია გახდა „სტარტაპ საქართველოს“ დამწყები ბიზნესების მხარდაჭერის პროექტის ბენეფიციარი და მიიღო 100 000 ლარიანი დაფინანსება, აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს ვალდებულებას, რომელიც კომპანიამ 5 წლის ვადაში უნდა დაფაროს. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ „სტარტაპ საქართველოსა“ და შპს „დოქტორ გუდსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „სტარტაპ საქართველო“ კომპანიის მიერ მიღებული მოგებიდან არ იღებს დივიდენდს და შესაბამისად, არ გააჩნია კომერციული ინტერესი. საწარმოს სასტარტო კაპიტალი ჯამში 400 000 ლარს წარმოადგენდა, აქედან კი, მხოლოდ 100.000 ლარი იყო“ სტარტაპ საქართველოს“ მონაწილეობა.

კომპანია „დოქტორ გუდსი“-ს საქმიანობა პანდემიამდე იყო და მომავალშიც იქნება სამედიცინო ტექსტილის წარმოება, კომპანია პირველი საწარმოა საქართველოში, რომელიც ამ მიმართულებით მუშობს და სამედიცინო ტექსტილს აწვდის საქართველოში არსებული კლინიკების 80 %-ს, სწორედ აქედან გამომდინარე გაფორმდა ჯანდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულება. პანდემიიდან გამომდინარე, კომპანია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, გაზარდა წარმოება და თანამშრომლების რაოდენობა, რათა არ შეიქმნას ისეთი სამედიცინო ინვენტარის დეფიციტი, რაც აუცილებელია „კოვიდ19“– თან მებრძოლი სამედიცინო პერსონალისთვის.

გვინდა, ასევე მოგახსენოთ, რომ გაჟღერებული კონტრაქტი მოიცავს 50 000 ცალი ბიოლოგიური უსაფრთოების კომბინიზონის შესყიდვას რომლის ერთეულის ფასი განსაზღვრულია 15 ლარით. აღნიშნული ფასი არათუ არსებული გარემოებიდან გამომდინარე, არამედ პანდემიამდე არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებითაც წარმოადგენს უკონკურენტო ფასს, როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული პროდუქტის შემთხვევაში.

დაინტერესებულ მხარეებს მარტივად შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში არსებული ფასების შესახებ.

ასევე, დაინტერესებულ პირებს მარტივად შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ” – ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.