დოჭვირი კომუნიკაციების კანონზე: დროებით მმართველს წილების გასხვისების უფლება არ ექნება
დროებით მმართველს წილების გასხვისების უფლება არ ექნება, - ელექტრონული კომუნიკაციების რეზონანსული კანონპროექტის მნიშვნელობის ახსნა ჟურნალისტებთან მთავრობის საპარლამენტო მდივანს პლენარული სხდომის შემდეგ მოუხდა.
ბექა დოჭვირის თქმით, წილების გასხვისების ნაწილი გათვალისწინებული იყო წარმოდგენილი კანონპროექტის პირველად ვერსიაში, ხოლო კომიტეტებში მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ, ეს ნაწილი ამოღებულია და წარმოდგენილი ვერსიით, დროებით მმართველს წილების გასხვისების უფლება არ ექნება.
მისი თქმით, კანონპროექტში არის სასამართლო კონტროლის მექანიზმი და გარკვეულ კომპონენტში ის, რაც ბუნდოვანებას იწვევდა, დაზუსტდა.
"არის ორი მექანიზმი, როდესაც დაინტერესებული მხარე სასამართლოში მიდის. ერთი არის კომისია, გადაწყვეტილების მიღებამდე და მეორე - დაინტერესებული მხარე კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ. ერთ ნაწილში გადმოვიდა ის, რაც გათვალისწინებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონით“, ხოლო რაც შეეხება წილების შესყიდვას, გასხვისებას ან ბაზარზე კონკურენციის ნაწილის დარღვევას, ამ შემთხვევაში კომისიას შეუძლია, თვითონ დანიშნოს დროებითი მმართველი, მას შემდეგ, რაც კომპანიის სანქცირება მოხდება, მაგრამ კომპანიას შეუძლია, წავიდეს სასამართლოში დაა სასამართლომ იმსჯელოს. თუმცა სასამართლოში მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს უსასრულოდ გაიწელება. სასამართლოს გადაწყვეტილება, არსებული კანონმდებლობით, 3 დღეში იქნება“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.
საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის ძირითადი მიზანია, დაიცვას ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მომხმარებლის უფლებები, ასევე შემოიტანოს და დანერგოს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტური მექანიზმი.
„ჩვენ ვაძლიერებთ მარეგულირებლის გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმს. არის შემთხვევები, როდესაც ავტორიზაციის გაუქმება ან ლიცენზიის ჩამორთმევა არ იქნება რელევანტური, თუნდაც იმიტომ, რომ მომხმარებლების ინტერესები, ქვეყნისა და ეკონომიკური ინტერესები იყოს დაცული. ამიტომ, ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილი არ არის, რომ კომპანიას საქმიანობა გაუჩერო. ეს უფრო მძიმეა. ჩვენ შედარებით უფრო ნაკლებად მძიმე რეგულაცია შემოვიტანეთ, რომლითაც შეგვიძლია, რომ მაშინ, როდესაც კომისიის გადაწყვეტილება აღსრულდება, დროებითი მმართველი კომპანიიდან გამოვა“, - აღნიშნა ბექა დოჭვირმა.