ბიზნესი
30/07/2020

დიზაინი არაჩვეულებრივია და აეროპორტი ულამაზესი იქნება – კელი დეგნანი ქუთაისის აეროპორტზე

„შეერთებული შტატები მოხარულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ქუთაისის აეროპორტის გაფართოების საქმეში, სადაც ამჟამად  ახალი ინფრასტრუქტურა შენდება”, – განაცხადა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუთაისის აეროპორტში ვიზიტისას.

კელი დეგნანმა აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები ნათია თურნავასთან ერთად დაათვალიერა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შედეგად, ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აეროპორტი ექნება – ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით.

როგორც ამერიკის ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისა და  მშენებლობის დასრულების შემდეგ  განახლებული აეროპორტი  საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც მის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის. კელი დეგნანის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო აეროპორტიც იქნება, ვინაიდან აქ სრულადაა დანერგილი კოვიდ 19-თან დაკავშირებული ყველა რეგულაცია.

„დიზაინი არაჩვეულებრივია და აეროპორტი ულამაზესი იქნება. ეს პროექტი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და შეერთებული შტატები მას მხარს დაუჭერს, რათა აეროპორტში გაიზარდოს იმ მაღალანაზღაურებად დასაქმებულთა რიცხვი, რომლებიც აუცილებელია აეროპორტის უმაღლეს დონეზე ფუნქციონირებისთვის. ქუთაისის აეროპორტი არამარტო ერთ-ერთი ულამაზესი, არამედ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო აეროპორტიც იქნება, ვინაიდან აქ სრულადაა დანერგილი კოვიდ 19-თან დაკავშირებული ყველა რეგულაცია და მოთხოვნა. ეს იქნება მართლაც თვალსაჩინო აეროპორტი და მოუთმენლად ველით განახლებული ქუთაისის აეროპორტის გახსნას”, – აღნიშნა კელი დეგნანმა.