ბიზნესი
16/10/2023

დიდი ბრიტანეთი-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები და პარტნიორობის პერსპექტივები იყო BAG-ისა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კომისრის შეხვედრის მთავარი საკითხი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კომისართან ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, კენან პოლეოსთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც  საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები და პერსპექტივები. საუბარი, ასევე, შეეხო ბრიტანული კომპანიების ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და საფინანსო და სავაჭრო პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობას.

შეხვედრის მსვლელობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის მესამე კვარტლის BAG ინდექსის მონაცემებზე, დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლასა და პირდაპირი ფრენების მნიშვნელობაზე და ასევე, მოქმედ სავიზო რეჟიმზე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს, კერძოდ, საუბარი შეეხო, ღვინის კულტურას და მის პოპულარიზაციას,  ენერგეტიკული და უძრავი ქონების თემატიკას.

„მივესალმებით დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კომისარს საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ხშირი სტუმარი იქნება, რადგან ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი სახის შეხვედრები და დისკუსიები ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, რაც ბუნებრივია, დადებითად აისახება სახელმწიფოების ურთიერთობებსა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.