ბიზნესი
01/09/2020

დეველოპერებს სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის პროგრამა გააცნეს

ეკონომიკის სამინისტროში დეველოპერებს სახელმწიფო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის პირობები გააცნეს. მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებმა ბიზნესის წარმომადგენლებთან პროგრამის მნიშნელობაზე ისაუბრეს.

პროგრამა სახელმწიფოს მიერ მენაშენეებთან საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებას გულისხმობს დადგენილი წესითა და პირობებით. კერძოდ, კონკურსის წესით შეირჩევა ის მენაშენეები, რომლებთანაც გაფორმდება საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად.

„შეხვედრა ინდუსტრიასთან კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მიეძღვნა, რომელიც არის გამოსყიდვის ოფცია. ის კიდევ უფრო მეტ მდგრადობას და სტაბილურობას შესძენს ამ სექტორს, განსაკუთრებით პოსტკრიზისულ პერიოდში, როდესაც მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვადასხვა დარგების სექტორული მხარდაჭერა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

„დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება, როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე, რათა სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა და ასევე მხარი დაგვეჭირა თითოეული ქართული ოჯახისთვის, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დანაზოგი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„2008-2009 წლების კრიზისების შემდგომ დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენს ბევრ მოქალაქეს, რომლებმაც პირველი შენატანები მსგავს სამშენებლო პროექტებში უკვე გააკეთეს,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბიზნესთან შეთანხმებულ ანტიკრიზისულ გეგმას. "ბინათმენაშენეთა და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. დღეისათვის 1700 - ზე მეტმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროექტით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას განახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც კონკურსში გამარჯვებული მენაშენისაგან შეთავაზებულ ფასად, გამოისყიდის მის მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლებში არსებულ საცხოვრებელ ფართებს, მაგრამ არაუმეტეს კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თითოეული მრავალბინიანი სახლის მთლიანი საცხოვრებელი ფართის 30%-ისა.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. ჯამში საკონკურსო ბიუჯეტი 200 მილიონი ლარი იქნება. გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი პირობა ყველაზე დაბალი შეთავაზებული ფასია.

სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებთან დისკუსია გაიმართა.