ფოტო: blog.nurserylive.com
ბიზნესი
31/01/2022

დეველოპერებისთვის მწვანე სივრცის მოწყობა სავალდებულო ხდება - პროექტის დეტალები

მშენებლობის ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის პროექტის წარდგენა სამშენებლო კომპანიებისთვის სავალდებულო გახდება.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილების პროექტი რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

„კოდექსში შემოდის გამწვანების პროექტის განმარტება, რომელიც გულისხმობს მშენებლობის ტერიტორიაზე გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტს, რომლის წარდგენის ვალდებულება დეველოპერს და ზოგადად მშენებლობის განმახორციელებელს ექნება როგორც განაშენიანების დეტალური გეგმის წარდგენის ეტაპზე, ასევე მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების წარდგენისა და მშენებლობის ნებართვის პროექტის წარდგენის ეტაპზე, რომლის შესრულება, ისევე როგორც მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული სხვა პირობების შესრულება, სავალდებულო იქნება მშენებლობის ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე", - განმარტა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

მაია ბითაძის თქმით, ქალაქ თბილისის კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილება 3 წლის წინ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მშენებლობის ნებართვისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში აუცილებელი გახდა K-3 კოეფიციენტის ე.წ. გამწვანების კოეფიციენტის დეტალური აღწერისა და გამოყენების სქემის შემოღება და თუ ადრე K-3 კოეფიციენტი გულისხმობდა თავისუფალ სივრცეს, რომელიც მეტწილად ავტოსადგომების მოსაწყობად გამოიყენებოდა, დღეს ეს სივრცე უკვე გულისხმობს დენდროლოგიური პროექტის წარდგენას შემდგომი მოვლა-პატრონობით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვას პლენარულ სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ პროექტის ინიცირება პარლამენტში 2021 წლის ბოლოს მოხდა. დეტალებზე "ბიზნესპარტნიორმა" განმარტებითი ბარათის დეტალები ჯერ კიდევ დეკემბერში გამოაქვეყნა. კანონპროექტის ინიციატორები იმედოვნებენ, რომ ახალი მწვანე სივრცეების გაჩენა ხელს შეუწყობს მოქალაქეების ჯანსაღ გარემოში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ჰაერის დაბინძურების შემცირებას.

Businesspartner