Delta Estate: უცხოელი ინვესტორები საქართველოში უძრავ ქონებას აქტიურად ყიდიან
საქართველოში, უძრავი ქონების ბაზარი ისევ რთულ ვითარებაშია. ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა უცხოელი ინვესტორებისთვის თანდათან მცირდება - გართულებულ ეპიდვითარებას და არსებულ შეზღუდვებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც ემატება.
ამის გათვალისწინებით, უცხოელი ინვესტორები იმ უძრავი ქონების გაყიდვას ცდილობენ, რომელიც გასულ წლებში შეიძინეს. დახმარებისთვის ისინი უძრავი ქონების საბროკერო კომპანიებს უკავშირდებიან. ერთ-ერთი ასეთი Delta Estate-ია.
კომპანიის გენერალური დირექტორი ,,ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ დღითიდღე იზრდება იმ უცხოელი ინვესტორების რაოდენობა, რომლებიც უკავშირდებიან და იმ უძრავი ქონების გაყიდვას სთხოვენ, რომელშიც მათ კაპიტალი აქვთ დაბანდებული
"მას შემდეგ, რაც საქართველოში ეპიდემიური ვითარება გართულდა, რასაც შეზღუდვების დაწესება და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც დაემატა, ჩვენს კომპანიას აქტიურად უკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი ინვესტორები და იმ უძრავი ქონების გაყიდვას სთხოვენ, რომლებიც მათ გასულ წლებში შეიძინეს. მთავარი მიზეზი, გაზრდილი რისკებია. მათთვის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი აღარ არის ისეთი მიმზიდველი, როგორც ადრე იყო. გამომდინარე იქიდან რომ საზღვრები ჩაკეტილია, თვითონ ვერ ახერხებენ ჩამოსვლას. ამიტომ ჩვენ ვეხმარებით უძრავი ქონების გაყიდვაში და თანხას საბანკო ანგარიშზე ვურიცხავთ. თუმცა გაყიდვების კუთხით გარკვეული პრობლემები გვექნება, რადგან მათი უძრავი ქონება, უმეტეს შემთხვევაში, საკმაოდ ძვირადღირებულია. ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარების ფონზე კი, პრემიუმ კლასის უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებულია. ძირითადად მოთხოვნა დაბალფასიან უძრავ ქონებაზეა,“ - ამბობს Deltaestate-ის გენერალური დირექტორი ქამრან მიქელანი.