Delfos-ი მომავალ წელს საკუთარ საიუველირო საწარმოს გახსნის
მულტიბრენდული საიუველირო გალერეათა ქსელი Delfos-ი საკუთარი წარმოების დაწყებას გეგმავს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ კირვალიძემ განუცხადა, ეს იქნება მინანქრის პროდუქცია, ეროვნული ორნამენტები, რომელსაც ქართველ მომხმარებელთან ერთად უცხოელ ვიზიტორებსაც შესთავაზებენ. იგეგმება ქართული სახელოსნოს გაკეთება.
როგორც კირვალიძე აცხადებს, საქართველოში წარმოებული პროდუქცია Delfos-ის ბრენდით გაიყიდება. მისი განცხადებით, რომ არა პანდემია, წარმოება უკვე დაწყებული იქნებოდა. ახლა კომპანია ეპიდემიოლოგიური კუთხით სიტუაციის სტაბილიზებას ელოდება.
„საწარმო იქნება ლესელიძეის ქუჩაზე, სადაც უკვე გვაქვს შეძენილი ფართი“, - აცხადებს კირვალიძე.
Delfos-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე რეალიზაცია თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების duty free-ში (საბაჟო გადასახადისგან თავისუფალი ზონა) მოხდება. ამასთან დაკავშირებით სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია აეროპორტის მმართველ კომპანია TAV Georgia-სთან.
„ამ დროისთვის პროექტი შეჩერებულია, რამდენადაც ფრენები შეჩერებულია. როგორც კი ავიარეისები აღდგება, მზად ვართ duty free-ში ჩვენი ეროვნული პროდუქცია წარმოვადგინოთ. თავიდან ვგეგმავთ პატარა საწარმოს გახსნას, სადაც ჯამში 8-10 ადამიანი დასაქმდება. ეს პირველ ეტაპზე საკმარისი იქნება, რომ duty free-ს მაღაზიებს მოვემსახუროთ. შემდეგ უკვე დაგეგმილია გავიდეთ საერთაშორისო გამოფენებზე და დავიწყოთ ექსპორტი,“ - აცხადებს ნიკოლოზ კირვალიძე.
მისი ინფორმაციით, საწარმოს ტერიტორიაზე მოეწყობა შოუ-რუმიც, სადაც ტურისტს ექნება საშუალება საწარმო დაათვალიეროს და წარმოების პროცესიც ნახოს. კირვალიძის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.2 მლნ დოლარია.
Delfos-ის პირველი მაღაზია 2008 წელს გაიხსნა. კომპანია რეგიონების ჩათვლით 7 მაღაზიითაა წარმოდგენილი, მათ შორის 6-თბილისში, 1-ბათუმში. Delfos-ი ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ფართო არჩევანს. კომპანია წარმოადგენს მულტიბრენდულ საიუველირო გალერეას იტალიური, ესპანური, ამერიკული, შვეიცარიული და რუსული ბრენდებით. მათ შორის, Roberto Bravo,GRAZIELLA Luxury,Assos,Amore&Baci და სხვა.