ბიზნესი
10/10/2022

დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 2021 წელს ₾1 304-მდე გაიზარდა

საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 2021 წელს 1 304 ლარამდე გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასების მატებამ 9.5% შეადგინა.

2021-ში წინა წელთან შედარებით ანაზღაურების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო სფეროში დაფიქსირდა და 2 368 ლარს მიაღწია. 2 075 ლარი იყო ანაზღაურება ტექნიკურ საქმიანობებში. რაც შეეხება ინფორმაციისა და კომუნიკაციების მიმართულებას, აქ ანაზღაურება 2 030 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

ყველაზე დაბალი ხელფასი ისევ განათლების სექტორში ფიქსირდება. აქ თვიური საშუალო ანაზღაურება 900 ლარსაც არ აღწევს.

საქსტატმა დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის გამოქვეყნებაც დაიწყო, რომელიც საშუალო ხელფასისგან განსხვავებით, უკეთ ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 31%-ით ნაკლები იყო და 900 ლარს შეადგენდა.