crop2shop.ge - ახალი ვებ-გვერდი ექსპორტიორებისთვის
ექსპორტიორი კომპანიებისთვის ახალი ვებ-გვერდი იწყებს ფუნქციონირებას.
ვებ-გვერდის crop2shop.ge პრეზენტაცია 8 სექტემბერს 12:00 საათზე („ტერმინალი ვაკე“ აბაშიძის #34) გაიმართება.
ვებ-გვერდი crop2shop.ge შეიქმნა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის პროექტის ფარგლებში. არის ექსპორტის გზამკვლევი, რომელიც აღწერს 21 პროდუქტის სხვადასხვა ბაზარზე ექსპორტისთვის საჭირო პროცედურას.
ვებ-გვერდი დაეხმარება კომპანიებს მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ექსპორტის პროცედურების, ტექნიკური მახასიათებლების, საექსპორტო ბაზრების, სავაჭრო გამოფენების და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. Crop2shop.ge გახდება პრაქტიკული გზამკვლევი კომპანიებისათვის, რომელიც მათ ექსპორტზე ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს.
პრეზენტაციას დაესწრებიან USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელი - ლუიზა ნამიჩეიშვილი და ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ანა კვარაცხელია.
ვებ-გვერდის პრეზენტაცია უკვე გაიმართა ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და თელავში.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით, ექსპორტის განვითარების ასოციაციამ იანვარში პროექტის „Crop2Shop” ფარგლებში ჩაატარა რეგიონული ტური, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები ექსპორტიორ და ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებთან, მოხდა მათი პრობლემების იდენტიფიცირება, რის შედეგადაც ასოციაციამ უზრუნველყო მათთვის საჭირო, ექსპორტთან დაკავშირებული, ინფორმაციის მოკვლევა და ერთ სივრცეში - crop2shop.ge -ზე განთავსება.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი.
ექსპორტის განვითარების ასოციაცია - (EDA) 2012 წლიდან ეხმარება ქართველ მეწარმეებს ექსპორტის პოტენციალის ზრდაში, უზრუნველყოფს ქართული კომპანიებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, საექსპორტო მარკეტინგული გეგმის შემუშავებას, ბაზრის კვლევას, ექსპორტის მართვის მომსახურებას და წარმოებისა და მომსახურების დარგის კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობას.