ბიზნესი
30/10/2020

COVID-ის დროს ამოქმედებული კოტეჯი “ცივწყალა“ ეკოტურიზმის განვითარებას გეგმავს

პანდემიის პერიოდში დაფუძნებულ სასტუმრო ბიზნესს "ცივწყალა" დიდი გეგმები აქვს. მათ შორისაა, ეკოტურიზმის და ეთნოგრაფიული მიმართულებებით განვითარება. 

რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ზემო თლუღში, „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით კოტეჯი „ცივწყალა“ პანდემიის პირობებში ამოქმედდა. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კოტეჯის თანადამფუძნებელი, ნინო ბრეგვაძე აცხადებს, „ცივწყალამ“ პირველ სტუმრებს პანდემიის პერიოდში, არსებული რეგულაციების  სრული დაცვით უმასპინძლა.

მისი განცხადებით, დამსვენებლების 100% ადგილობრივი იყო.

როგროც ნინო ბრეგვაძე აცხადებს, კოტეჯები ელექტროენერგიით უწყვეტად მარაგდება, წყალი კი, სახურავზე დამონტაჟებული მზის ბატარეებით თბება.

კოტეჯში ჯამში 13 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

„ეს არის დიდი სახლი იზოლირებული ოთახებით, ცალ-ცალკე სააბაზანოებით. მომხმარებელს ვთავაზობთ დასვენებას ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სიმწვანეში, სიმყუდროვეში. კოტეჯს ესაზღვრება დიდი ფიჭვნარი, სადაც,  მსოფლიოში ცნობილი ნორდმანის ფიჭვი იზრდება. გვერდით ჩამოდის პატარა, ძალიან სუფთა და ცივი მდინარე. ადგილზე შესაძლებელია თევზჭერაც.  ახლოა შაორის ტბაც, ნიკორწმინდის მონასტერიც. ასე რომ, ხელსაყრელი მდებარეობა გვაქვს სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებისთვის,“ - აღნიშნავს ნინო ბრეგვაძე.

„ცივწყალას“ თანადამფუძნებელი იმედოვნებს, რომ კოტეჯი „ცივწყალა“ უახლოეს მომავალში  ბევრ საინტერესო სერვისს დაიმატებს.

 

Businesspartner