ბიზნესი
31/05/2023

ComCom: მობილური მომსახურების ყველაზე მეტი აბონენტი "მაგთიკომს" ჰყავს

2022 წელს საქართველოში მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 5.8 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის (ComCom) 2022 წლის ანგარიშშია აღნიშნული. 

დოკუმენტის მიხედვით, ამავე პერიოდში პენეტრაცია 160%-დან 170%-მდე გაიზარდა.

"ბოლო ხუთ წელიწადში დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ერთ მომხმარებელს საშუალოდ, ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს და მობილური მომსახურებების სასურველი შეთავაზების მისაღებად სხვადასხვა ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, გაიზრდა მობილური აბონენტების რაოდენობა და წლის ბოლოსთვის 5.84 მლნ შეადგინა.

ბოლო წლებში ზრდა ფიქსირდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობაში. 2022 წლის ბოლო კვარტალში იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობამ მთლიანი აბონენტების 24% შეადგინა.

მობილური მომსახურების ყველაზე მეტი აბონენტი „მაგთიკომს“ ჰყავს. მობილური ოპერატორების საბაზრო წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით 2022 წლის ბოლოსთვის,2021 წელთან შედარებით, არ შეცვლილა და ასე განაწილდა: „მაგთიკომი“ - 42%, „სილქნეტი“ - 33%, ხოლო „ბილაინი“ - 25%.

2022 წელს ოპერირება დაიწყო მობილურმა ვირტუალურმა ქსელის ოპერატორმა „ეკლეკტიკმა“ ბრენდული სახელით „ჰალო“. წლის ბოლოს „Hallo”-ს აბონენტების რაოდენობა 3,493-ს შეადგენდა.

2022 წელს, მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 702 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 26%-ით მეტია. საცალო შემოსავლებში „მაგთიკომის“ საბაზრო წილი 50%, „სილქნეტის“- 34%, ხოლო „ბილაინის“ - 16%-ია. დინამიკაში ბაზრის მოთამაშეთა წილი როგორც აბონენტების რაოდენობის, ისე შემოსავლების მიხედვით, უმნიშვნელოდ იცვლება.

შემოსავლებისა და აბონენტების მიხედვით საბაზრო წილების განსხვავებული გადანაწილება კომპანიებს შორის, იმაზე მიუთითებს, რომ „მაგთიკომის“ აბონენტები საშუალოდ, უფრო მეტ თანხას იხდიან მობილურ მომსახურებებში, ვიდრე „ბილაინის“ მომხმარებლები, ხოლო „სილქნეტის“ შემთხვევაში, აბონენტებისა და შემოსავლის წილები თითქმის თანაბარია, რაც ნიშნავს იმას, რომ „სილქნეტის“ აბონენტები საშუალოდ, „ბილაინის“ აბონენტებზე მეტს, მაგრამ „მაგთიკომის“ აბონენტებზე ნაკლებს იხდიან.

2022 წელს მობილური მომსახურებიდან შემოსავლების 78% ფიზიკურმა პირებმა დააგენერირეს, ხოლო 22% - იურიდიულმა პირებმა. ფიზიკური პირების შემოსავლები, იურიდიული პირი აბონენტების შემოსავლებთან შედარებით, უფრო მეტად მზარდია,"-ნათქვამია 2022 წლის ანგარიშში.