ბიზნესი
28/01/2021

ჩვენთვის თითოეულ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს - ბაზრობები 15 თებერვლამდე გახსნას ითხოვენ

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების და ბიზნესის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მთავრობა ამჯერად ბაზრობების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე "ბიზნესპარტნიორი" სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრა.

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის გიორგი კვარაცხელიას თქმით, ბიზნესი მთავრობასთან იმ საკითხებზე იმსჯელებს, რაც მათთვის პრობლემურია.

„ვიმედოვნებ, ისეთ შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ათიათასობით მეწარმისთვის, რამეთუ დღეს ძალიან რთული სიტუაციაა და თითოეულ დღეს, თითოეულ რეგულაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მზაობა გვაქვს 15 თებერვლამდე გავიხსნათ და რეგულაციების სრული დაცვით განვაახლოთ მუშაობა. თუ ხელისუფლება 15 თებერვლამდე გახსნის გადაწყვეტილებას მიღებს, ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი იქნება" - განაცხადა კვარაცხელიამ

Businesspartner