ბიზნესი
20/11/2020

“ჩვენთვის "ლოქდაუნიც" ზარალია და მომლოდინე რეჟიმში ყოფნაც“ – “ოკტოპუს - ფიტნეს კლუბი“

„ბიზნესისთვის დახურვა-არ დახურვის მოლოდინის რეჟიმიც ცუდია, ისევე როგორც ლოქდაუნი", - ასე ეხმიანება „ოკტოპუს - ფიტნეს კლუბის“  დირექტორი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმების გამო შესაძლოა დაიხუროს როგორც სპორტული დარაბზები, ისე დიდი სავაჭრო ქსელები (მოლები), სილამაზის სალონები. საუბარია, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზეც.

გიორგი ასათიანი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ მოლოდინს თან ახლავს უამრავი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ზარალთან, იმ ფიქსირებულ ხარჯებთან, რასაც დახურვის პირობებში მაინც თავს ვერ არიდებ.

"მომხმარებელს, რომელსაც უნდა ჩვენი აბონიმენტის შეძენა და ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება 2 კვირაში დაიკეტოს ფიტნეს-კლუბი ან პირობითად 3 კვირაში, ბუნებრივია ის გადაიფიქრებს აბონიმენტის შეძენას,“ - ამბობს „ოკტოპუს - ფიტნეს კლუბის“  დირექტორი.

როგორც ასათიანი აცხადებს, ყველა ბიზნესი ერთნაირ სიტუაციაშია, მეტ-ნაკლებად ზოგი ძალიან ზღვარზეა, ზოგი - ნაკლებად. რაც შეეხება „ოკტოპუს - ფიტნეს კლუბს“,  განხორციელებული აქვს რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია. მათ შორის, 2020 წელს კომპანიამ ქსელის განვითარებაში დაახლოებით 5 მილიონი ლარი ჩადო. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წელი კრიზისულია კომპანიისთვის, ნებისმიერი ტიპის შემოსავლების შემცირება სახარბიელო ნამდვილად არ იქნება.

„აუცილებელია, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის, მოხდეს მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია, სადაც ერთობლივი კონსულტაციების შედეგად ფიტნეს ინდუსტრიას დაუწესდება შეღავათები თუნდაც საგადასახადო მიმართულებით. ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ბიზნესს გარკვეული შეღავათი ჰქონდეს. ასე მომლოდინე რეჟიმში ყოფნა წარმოუდგენელია,“ - აცხადებს გიორგი ასათიანი.

მისი განცხადებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიას შემოსავლები საგრძნობლად შეუმცირდა.

ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსი“  2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. ის აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness - ის და Tecnogym - ის ტრენაჟორებით. კლუბი გამორჩეულია ავანგარდული ინტერიერით.