"ჩვენი საინვესტიციო კლიმატი გარე შოკების მიმართ იმდენად მდგრადია, პანდემიამაც კი ვერაფერი დააკლო"
ნათია თურნავა ერთ-ერთი მსხვილი ავსტრიულ-რუმინული კომპანიის OMV Petrom საქართველოში შემოსვლაზე დიდ იმედს ამყარებს.
იქვე მინისტრმა განმარტა, რომ OMV Petrom-ის საქართველოში შემოსვლა ქვეყნის მდგრადი საინვესტიციო კლიმატის დადასტურებაა.
"ასეთი მსხვილი კომპანიების შემოსვლა კი იმას მიუთითებს, რომ ჩვენი საინვესტიციო კლიმატი იმდენად მდგრადია გარე შოკების მიმართ, რომ პანდემიამაც კი ვერაფერი დააკლო," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო, კერძოდ, ნავთობისა და გაზის სააგენტო OMV Petrom-თან შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში გააფორმებს.
ე.წ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება მთავრობამ უკვე მოიწონა.
შეგახსენებთ, რომ კომპანიამ შავ ზღვაზე ნავთობის ძიებისა და მოპოვების ტენდერში 2020 წლის ზაფხულში გაიმარჯვა.
მინისტრის განმარტებით, OMV Petrom ერთ-ერთი უმსხვილესი ავსტრიულ-რუმინული კომპანიაა, რომლის დამფუძნებლებიც OMV Group და რუმინული სახელმწიფო არიან. თავად OMV პეტროლი არის ცნობილი სხვადასხვა მნიშვნელოვან საბადოზე ჩატარებული კვლევებითა და ნავთობის მოპოვებით. მათ შორის, მან აღმოაჩინა რუმინეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საბადო, "დომინო-1".