ბიზნესი
17/02/2021

ჭყონია ბიზნესომბუდსმენის კანდიდატზე - შოთა ბურჯანაძე რომ დაასახელონ, არ იქნება ცუდი ვარიანტი

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თვლის,რომ ბიზნესომბუდსმენის კანდიდატი ასოციაციებიდან უნდა შეირჩეს და ბიზნეს გაერთიანებებმა თავიანთი კანდიდატი დროულად უნდა წარადგინონ.

როგორც თემურ ჭყონიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის დღეს არსებული ფორმა არასწორია.

„პრემიერმა ერთხელ უკვე თქვა დაასახელეთ სასურველი კანდიდატიო. ათჯერ ხომ არ იტყვის წარმოადგინეთ ვინმეო. ახლა ასოციაციებმა დროულად უნდა წარმოგვიდგინონ თავიანთი წინადადებები, რომელსაც სერიოზულად განვიხილავთ და ყველაფერი დალაგდება. თუ შერჩევა დროულად არ მოხდა ისევ ძველებურ ფორმას დაუბრუნდებიან, იტყვიან რომ ბიზნესმენები ვერ თანხმდებიან და ამ საკითხით არ არიან დაინტერესებულები. შესაბამისად, დანიშნავენ ისევ თავადვე და კვლავ მოვხვდებით იმ წრეზე სადაც ახლა ვტრიალებთ. ახლა ჯერი ჩვენზეა.“-განაცხადა თემურ ჭყონიამ.

მისივე განმარტებით, კონკრეტული სახელების და გვარების დასახელების შემდეგ ბიზნესი სასურველ კანდიდატს პრემიერს წარუდგენს.

„უკვე რომ გვეცდინება კონკრეტულად სახელები და გვარები შეგვიძლია მათ გარშემო მსჯელობა. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ისეთი კანდიდატი უნდა ავირჩიოთ, რომელიც ბიზნესის ნამდვილი მხარდამჭერი იქნება. მაგალითად, შოთა ბურჯანაძის კანდიდატი შეიძლება დაასახელოს რესტორატორთა ასოციაციამ. ნამდვილად არ იქნება ცუდი ვარიანტი. აუცილებელია, რომ ბიზნესომბუდსმენი იყოს არჩევითი. პრემიერი რომ ნიშნავს უკვე სწორი ფორმა არ არის. იმის რეგლამენტიც უნდა არსებობდეს, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შევძლოთ მისი უმტკივნეულოდ შეცვლა. ამის ლეგიტიმაცია კი უნდა იყოს გამაგრებული ბიზნეს არმიით.“-განაცხადა თემურ ჭყონიამ.

მისივე განმარტებით, ბიზნესომბუდსმენს მაღალი ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

„ბიზნესომბუდსმენს ურო მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს, ვიდრე პარლამენტში ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარეს. დღეს ეს აპარატი ჩვენს ინტერესებს ნაკლებად წარმოადგენს და ბიზნესის ძალიან ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება.“-განაცხადა თემურ ჭყონიამ.

Businesspartner