ბიზნესი
19/10/2022

ჩირი, თხილი, თაფლი, სუნელები - ქართულმა კომპანიებმა პროდუქცია Sial Paris-ზე წარადგინეს

ქართული კომპანიები პარიზში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საკვები პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში Sial Paris 2022 მონაწილეობენ. 

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით საქართველო გამოფენაზე მეოთხედ იღებს მონაწილეობას, წელს კი ამის შესაძლებლობა 28 საკვებისა და სასმლის მწარმოებელ ქართულ კომპანიას მიეცა.

სააგენტოს ცნობით, ქართველმა მონაწილეებმა დაამყარეს ბიზნესკავშირები პოტენციურ დამკვეთებთან თუ პარტნიორებთან და საზოგადოებას გაუზიარეს საქართველოს საექსპორტო პოტენციალი და საექსპორტო ბაზრის მრავალფეროვნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული ჩირი, თხილი, ნუში, კაკალი, ჯემი, თაფლი, ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, სუნელები, კენკროვანი კულტურები, ნატურალური წვენი, ჩაი, ცივი ჩაი, ლიმონათი, ლუდი, მინერალური წყალი. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით ვიზიტორებს საშუალება მიეცათ, საქართველოს სტენდთან დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები.

გამოფენა დაახლოებით 6000 კომპანიას აერთიანებს, რომელთა წარმომადგენლები 200-ზე მეტი ქვეყნიდან სასურსათო ბიზნესის გლობალური ტენდენციების გასაცნობად ჩამოდიან.