"ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადაყვანა ხელფასზე არ იმოქმედებს"
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების ვახტური რეჟიმიდან 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადაყვანა ხელფასზე არ იმოქმედებს, - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ტატიშვილმა განაცხადა.
ვახტური რეჟიმი ნიშნავს, როდესაც თვეში დასაქმებული 15 დღის განმავლობაში მუშაობს, ხოლო დანარჩენი დღეები სამუშაოსგან გათავისუფლებულია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის 15 დღე, როდესაც სამუშაო საათებია, სამსახურიდან სახლში წასვლა არ არის შესაძლებელი.
ტატიშვილის ინფორმაციით, კვლევის შედეგად, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი მადნის თვითღირებულებას ამცირებს, ხოლო მანგანუმის მადნის მოპოვების ეფექტიანობას ზრდის.
მისივე ინფორმაციით, მსოფლიოში ფეროშენადნობის ბაზარზე კრიზისია. ევროპის ბაზარზე ფეროშენადნობის ფასები 40-45%-ით არის შემცირებული, ხოლო ამერიკის ბაზარზე 50%-ით. შესაბამისად, კომპანია დადგა იმ საჭიროების წინაშე, რომ ჭიათურის მიმართულებით გარკვეული პროცესებისთვის გადაეხედა.
„ჭიათურის მაღაროში მოპოვებული მადნის არსებულ თვითღირებულებას თუ შევადარებთ სამხრეთ აფრიკულ მადანს, რომელიც თვისობრივად არ ჩამოუვარდება და ხშირ შემთხვევაში ჩვენს მადანს ხარისხითაც სჯობს, ამის ფონზე წლის განმავლობაში კომპანიის ზარალი დაახლოებით 29 მილიონი დოლარია.
ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებების შედეგად ერთ ტონა პროდუქტზე თვითღირებულების დაახლოებით 2 დოლარით გაიაფება შეიძლება მოხდეს, რაც წელიწადში 12 მილიონი დოლარია.“-აცხადებს ტატიშვილი.
მისივე განმარტებით, კომპანიისთვის წლების განმავლობაში აღნიშნული ზარალის ანაზღაურება გამოწვევა იყო, რისთვისაც საჭირო გახდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
კომპანიამ საოპერაციო მენეჯმენტი შეიცვალა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიმართულებით ხელშესახები ნაბიჯები გადადგა.
ტატიშვილის პროგნოზით, ბაზრის სტაბილიზაცია სავარაუდოდ მესამე, მეოთხე კვარტლიდან არის მოსალოდნელი.
ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ჭიათურაში სამუშაო პროცესი აღდგება, „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის ინფორმაციით, იგეგმება ახალი აქტივობები, რომელიც მეორეული პროდუქცის გადამუშავებას გულისხმობს, რაც ფასს კიდევ უფრო შეამცირებს, თუმცა, ამას სულ მცირე ერთი წელი მაინც დასჭირდება.
ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. დასაქმებულები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშაო პირობებს არ თანხმდებიან, რის გამოც წარმოება გაჩერებულია.
კომპანიაში დასაქმებულთან ნაწილი ძველ სამუშაო გრაფიკზე, ანუ 12 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლას ითხოვს და ამ მიზნით კომპანიის მენეჯმენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.