ბიზნესი
14/12/2022

"ჩაროზის" დიაბეტური ჩურჩხელა ყველაზე მოთხოვნადი იაპონიის ბაზარზეა

კომპანია „ჩაროზის“  დიაბეტური (უგლუტეინო) ჩურჩხელა იაპონიის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტი აღმოჩნდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ელენა ჯიშიაშვილმა განუცხადა,კომპანიამ დიაბეტური ხაზის წარმოება დაახლოებით 1 წელია დაიწყო,პროდუქტი იყიდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

1 კილოგრამი (100 საშუალო ზომის) უგლუტეინო ჩურჩხელის ფასი 80 ლარს შეადგენს. ჩვეულებრივი,  1 კილოგრამი ჩურჩხელის ფასი კი  70 ლარია.  

კომპანია დიაბეტური ხაზის გარდა, ამ დროისთვის 9 დასახელების ნუგბარს აწარმოებს. მათ შორისაა გარგარი შავ შოკოლადში, რამდენიმე სახეობის ჩურჩელა, შავი ქლიავი ნიგვზით, წერეთლის მწვადი და ასე შემდეგ.

კომპანიის მიერ წარმოებული  პროდუქცია (ჩვეულებრივი)  ექსპორტზე უკვე იყიდება საბერძნეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში,რუსეთსა და იაპონიაში.

ჯიშიაშვილი აცხადებს, რომ გარდა ექსპორტისა „ჩაროზის“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე იყიდება. მათ შორის, ნიკორწმინდაში ბრენდულ მაღაზიაში, გორგასლის 1, ყველის სახლი ფალიაშვილზე). კომპანია გაყიდვებს ფეისბუქ გვერდის მეშვეობითაც ახორციელებს.

„ჩაროზი“ ბაზარზე 2020 წლიდან ფუნქციონირებს და პროდუქციას ამზადებს როგორც იმერეთში (ტყიბულში), ისე რაჭაში (ნიკორწმინდა).

 

Businesspartner