ჩარჩენილები - მოგზაურების ან ტურისტების ნაწილი ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებს
მოგზაურების ან ტურისტების ნაწილი ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებს.
„გვაინტერესებს, გვაქვს თუ არა უფლება, გავყიდოთ ტურისტული პაკეტები ისეთ მიმართულებებზე სადაც მთელი მსოფლიოდან შეუფერხებლად ხდება ტურისტების ჩასვლა," - გამყვანი ტურიზმის ასოციაცია თხოვნით საქართველოს ეკონომიკის მინისტრს და ტურიზმის ადმინისტრაციას მიმართავს.
კერძოდ საუბარია თურქეთზე, ეგვიპტეზე, მალდივის კუნძულებზე, ზანზიბარზე, დომინიკანების რესპუბლიკაზე, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებზე.
ამავდროულად ასოციაციას აინტერესებს ამ უფლების არსებობის შემთხვევაში რა საბუთებია საჭირო საზღვარზე წარსადგენად.
ასოციაციში ამბობენ, რომ მიუხედავად დეკლარირებული ქვეყნიდან გასვლის უფლებისა, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა საქართველოს მოქალაქეები არ გაუშვეს ისეთ ქვეყნებში, რომლებში შესვლაც ოფიციალურად ნებადართულია. მგზავრებს თან ჰქონდათ PCR ტესტის პასუხი, კოვიდ დაზღვევა, ორი გზის ბილეთი და სასტუმროს ჯავშნი, თუმცა, ბუნდოვანი მიზეზების გამო, რიგ შემთხვევებში სასურველი მიმართულებით გადაადგილება მაინც ვერ შეძლეს.
"იყო შემთხვევები, როცა მგზავრები აქვე, ჩვენსავე გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და იყო შემთხვევებიც, როცა ადგილზე ჩასულები უკან დააბრუნეს. ახსნა აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაურკვეველია, მხოლოდ ის, რომ მესაზღვრემ ასე გადაწყვიტა, ლოგიკური პასუხი არ არის, დამეთანხმებით. გამყვან ტურისტულ კომპანიებს, გვინდა, შეუფერხებლად ვიმუშაოთ და მგზავრების უკმაყოფილებაც თავიდან ავირიდოთ,“ - აცხადებს „ბიზნეპარტნიორთან“ საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი გიორგი მელიქიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რეგულარული ფრენები საქართველოში 1-ელი თებერვლიდან აღდგა.