ბოსტნეულის ცუკატების კომპანია Copeshoni წარმოების გაფართოებას გეგმავს
ბოსტნეულის ცუკატების მწარმოებელი ქართული კომპანია Copeshoni წარმოების გაფართოებას და ასორტიმენტის გაზრდას გეგმას.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“კომპანიის დამფუძნებელი ეკატერინე ფარულავა ამბობს, ახლახანს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 18 000 ლარიანი გრანტი მიიღო.
"მიღებული გრანტით, უახლოეს მომავალში შევძლებთ საწარმოს ახალი დანადგარებით აღჭურვას, რაც ცუკატირების პროცესს გაამარტივებს და შესაძლებლობას მოგვცემს უფრო მეტი პროდუქცია ვაწარმოოთ. ასევე, ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებასა და რამდენიმე დევნილი ახალგაზრდის დასაქმებას. საწარმო არის ჩემს საკუთრებაში, ამის გარდა საერთო ჯამში კომპანიაში 60 000 ლარის ინვესტივციაა განხორციელებული,“ – აღნიშნავს ეკატერინე ფარულავა.
Copeshoni 100%-ით ნატურალური პროდუქტია, ყოველგვარი სტაბილიზატორის, ემულგატორის, საღებავისა და კონსერვანტის გარეშე. ინფრაწითელი სითბური საშრობი მზა პროდუქტი 12-18 თვის განმავლობაში უსაფრთხოდ შენახვის შესაძლებლობას იძლევა.
პროდუქცია ორ ხაზად იყოფა. ტკბილი ხაზი: გოგრა დარიჩინით, ვანილით, სტაფილო ლიმონით, ჭარხალი მიხაკით, ბადრიჯანი ვანილით, ცუკინი როზმარინით, ცუკინი მიხაკითა და ილით, მწვანე პომიდორი მიხაკითა და ილით. ასევე, მარილიანი ხაზი: სტაფილო ძირათი, კიტრის მწნილი ნივრით და წიწაკით, გოგრა ხმელი სუნელებით.
„კოვიდის მეორე ტალღამ მაფიქრებინა ბოსტნეულის ნატურალური ჩირების წარმოება. შედეგად მივიღე ხრამუნა, გემრიელი და სრულად სასარგებლო პროდუქცია, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ასევე, „პანდემიის პერიოდში არ შეგვიწყვეტია პროდუქციის წარმოება, აქტიურად ვესწრებოდით ონლაინ ტრენინგებს, ვებინარებსა და მასტერკლასებს, ვმონაწილეობდით საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენებში, ვეძებდით საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორებს, ვაგრძელებდით ექსპერიმენტებს და ა.შ.“ – ამბობს ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანია Copeshoni 2019 წლის ივლისში ქალაქ ზუგდიდში დაარსდა. უკვე ორი წელია, რაც პროდუქცია წარმატებით იყიდება, მათ შორის ონლაინ პლატფორმა soplidan.ge-ზე და სხვადასხვა ფერმერულ მარკეტებში.
მეწარმეთა პოპულარიზაცია ხორციელდება "ბიზნესპარტნიორის" მიერ მეწარმეთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.