Copeshoni-მ პანდემიის დროს ბოსტნეულის ჩირის წარმოება დაიწყო
ბოსტნეულის ცუკატების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ Copeshoni პანდემიის დროს ბოსტნეულის ჩირების წარმოება დაიწყო.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელი ეკატერინე ფარულავა ამბობს, ყველა ჩვენგანი ბავშვობიდან იცნობს გემრიელ და სასარგებლო ხილის ჩირს, მაგრამ ცოტას თუ წარმოუდგენია, რომ ასეთივე გემრიელი და სასარგებლო ჩირები და ცუკატები მიიღება ბოსტნეულიდანაც.
„ადამიანების დიდი ნაწილი არ მოიხმარს ბოსტნეულს არანაირი სახით. ჩვენი პროდუქცია შესაძლებლობას იძლევა, დავაკმაყოფილოთ ორგანიზმის საჭიროება ბოსტნეულში არსებული სასარგებლო ნივთიერებებით, თან ვისიამოვნოთ გემრიელი წახემსებით და განსხვავებული გემოებით. საწყის ეტაპზე, თეთრი ბოლოკი, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი დავტესტე. შედეგად მივიღე ხრამუნა, გემრიელი და სრულად სასარგებლო პროდუქცია, ყოველგვარი დანამატის გარეშე,“ – აღნიშნავს, ეკატერინე ფარულავა.
Copeshoni 100% ნატურალური პროდუქტია, ყოველგვარი სტაბილიზატორის, ემულგატორის, საღებავისა და კონსერვანტის გარეშე. ინფრაწითელი სითბური საშრობი შესაძლებლობას იძლევა მზა პროდუქტი 12-18 თვის განმავლობაში უსაფრთხოდ შევინახოთ.
„ცუკატირების ტექნოლოგია მოითხოვს ნედლეულის დაყოვნებას შაქრის სიროფში. ეს ზრდის შაქრიანობას და ენერგეტიკულ ღირებულებას. აღმოჩნდა, რომ ადამიანების დიდი ჯგუფი ვერ ან არ მოიხმარს შაქრიან ნაწარმს, მაგრამ უარს ვერ ამბობს ნუგბარზე. სწორედ ამ დიდი ჯგუფის საჭიროებამ მიგვიყვანა უშაქრო ცუკატებამდე. უბრალოდ, ჩვეულებრივი შაქარი ჩავანაცვლეთ ტოპინამბურის (მიწავაშლა) სიროფითა და სტევიათი. საბედნიეროდ, ეს მცენარეები, ისევე როგორც დანარჩენი ბოსტნეული, საქართველოში მშვენივრად ხარობს.
კოპეშონის მომხმარებლები არიან დიდები და პატარები, რომლებიც უფრთხილდებიან ჯანმრთელობას, მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ზრუნავენ მომავალზე. უკვე მესამე წელია, სააღდგომო პასკებს მხოლოდ ჩვენი ჩირებითა და ცუკატებით ვაცხობ. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია ჭარხალ-პომიდვრიან-გოგრიან-სტაფილოიანი პასკები, უფრო სწორად, სრულიად წარმოუდგენელია, ვინც გასინჯავს დარწუმნდება რომ უგემრიელესია," - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანია Copeshoni 2019 წლის ივლისში ქალაქ ზუგდიდში დაარსდა. უკვე ორი წელია, რაც პროდუქცია წარმატებით იყიდება, მათ შორის ონლაინ პლატფორმა soplidan.ge-ზე და სხვადასხვა ფერმერულ მარკეტში.
მეწარმეთა პოპულარიზაცია ხორციელდება "ბიზნესპარტნიორის" მიერ მეწარმეთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.