ბიზნესი
05/08/2021

ბიზნესზე ორიენტირებული რეფორმები - ფინანსთა სამინისტროს ხედვა

ფინანსთა სამინისტრო, 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით, რეფორმების გატარებას აპირებს. საკითხზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა. 

ამ მიზნით გამოყოფილია 4 მიმართულება:

ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის მიზანი არ არის მხოლოდ შემოსავლების მაქსიმალური მობილიზაცია. არამედ ამ პროცესის განხორციელება ეკონომიკურ ზრდაზე მაქსიმალურად ხელშეწმყობი მეთოდებით. 

“ჩვენთვის საინტერესოა საგადასახადო სისტემის ისეთი დიზაინი, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს საბაზრო მექანიზმების დამახინჯებას და უფრო სწორ საგადასახადო სტიმულებს ქმნის ქვეყანაში. 

ჩვენი მიზანია, პირდაპირი გადასახადების წილის შემცირება მთლიან საგადასახადო შემოსავლებში, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ექსპორტისთვის და საექსპორტო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის“,- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.  

ბიზნესმეგობრული საგადასახადო ადმინისტრირება 

მინისტრის თქმით, გამარტივდება და გაუქმდება მთელი რიგი ტრანზაქციები კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის. 

არაკეთილსინდისიერ პირებს არ მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ კონკურენტული უპირატესობა. 

“ნული ფანჯრის პრინციპი - არის პროექტი, რომლის რეალიზაციაზეც მუშაობს ფინანსთა სამინისტრო. ეს გულისხმობს საგადასახადო დეკლარირების პროცესის სრულ ავტომატიზაციას, სადაც დაინერგება ავტომატური დეკლარირების აღრიცხვის სისტემები, როდესაც ბიზნესტრანზაქციების დროს თანხის ჩარიცხვისას ავტომატურად მოხდება გადასახადის გადახდა და თანხის დეკლარირება. შესაბამისად სრულად გაქრება გადახდის და დეკლარირების რუტინული პროცედურები, დაიზოგება რესურსი, დაიზოგება შეცდომის რისკი და შემცირდება არაკეთილსინდისიერი პრაქტიკები“,- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.  

საგადასახადო დავების რეფორმა

მინისტრის თქმით, უწყების მიზანია, დავების სისტემა არსებითად გაუმჯობესდეს.

“ვგულისხმობ სრულ პორცესს, რომელიც იწყება შემოსავლების სამსახურში და მთავრდება სასამართლოს ბოლო ინსტანციაში. უფრო მეტად დამოუკიდებელი, ობიექტური და არგუმენტირებული გადაწყვეტილებები შეამცირებს შემდგომი გასაჩივრების საჭიროებებს და მეორეს მხრივ დაეხმარება დავების სწრაფ განხილვას სასამართლო ეტაპზეც. საბოლოო ჯამში შედეგი იქნება კეთილსინდისიერი გადამხდელისათვის უფრო ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნა“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.  

კაპიტალის ბაზრის რეფორმა

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დღეს დაბეგვრის რეჟიმი ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია საერთაშორისო მასშტაბით. იზრდება ინვესტორების ბაზა, თუმცა პრობლემად რჩება ემიტენტების სიმცირე. 

მისი თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა გააჩენს რამდენიმე მნიშვნელოვან მონაწილეს ქართულ კაპიტალის ბაზარზე. კერძო სექტორთან აქტიური მუშაობით, არსებითად გამარტივდება მათი წვდომა კაპიტალის ბაზარზე.

“გვაქვს სამიზნე ინდიკატორები ამ მიმართულებით. ჩვენი მიზანია 2025 წლისთვის მინიმუმ 5-მა სახელმწიფო კომპანიამ სავალო და წილობრივ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება გააკეთონ, და მინიმუმ 5 კერძო კომპანია გამოვიდეს წილობრივ ფასიან ქაღალდებზე საჯარო შეთავაზებით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.