ბიზნესი
29/03/2021

"ბიზნესმაც უნდა დაიცვას რეგულაციები, სხვა შემთხვევაში, ტურბულენტულ მდგომარეობაში ვიქნებით"

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან წაქაძე ირწმუნება, რომ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კერძო სექტორს უკვე შეხვდა. წაქაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილს თავისი გრაფიკი აქვს და სწორედ ამ გრაფიკის მიხედვით მართავს ბიზნესთან კონსულტაციებს. თუმცა, კონკრეტულად ვის შეხვდა პრემიერ, დეპუტატმა არ იცის.

ბეჟან წაქაძე აქვე ამბობს იმასაც, როდესაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები მინისტრებს ხვდებიან და შემდეგ ამ ინფორმაციას პრემიერს აწოდებენ, ეს იგივეა რაც მთავრობის მეთაურთან შეხვედრა.

„პრემიერი ყოველდღიურად თავისი გრაფიკით ხვდება. ერთდროულად ყველა სექტორს, რა თქმა უნდა, ვერ შეხვდება. არის გაწერილი გრაფიკი. როგორ არ შეხვდა. ყველას ხომ ვერ შეხვდება? შეხვდა რამდენიმე სექტორს. თუნდაც, ტურისტულმა სექტორმა გაიარა ყველა მინისტრთან და ინფორმაციები მიაწოდეს პრემიერს. ეს პრემიერთან შეხვედრაა“,- აღნიშნა წაქაძემ "ბიზნესპარტნიორის" კითხვის საპასუხოდ.

დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ კერძო სექტორმა რეგულაციები უნდა დაიცვას და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს მიჰყვეს.

„საკოორდინაციო საბჭო სწორედ ის ორგანოა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. როდესაც ის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ეცნობება კერძო სექტორსაც და სრულიად საზოგადოებასაც. ის ხომ საბჭოა, იქ მსჯელობაა და ამ მსჯელობიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას, რა არის უკეთესი. პრემიერმა ძალიან კარგად თქვა. ჩვენ პულსი გვიდევს ციფრებზე, რამდენია ყოველდღიური დაინფიცირების მაჩვენებელი. ამიტომ თვითონ ბიზნესმაც უნდა აკონტროლოს და დაიცვას ის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტურბულენტულ მდგომარეობაში ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, თუ ყველაფერს შევასრულებთ, არ მგონია, რომ საქართველოში მესამე ტალღა იყოს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, თუ კარგი ტეპით წავა ვაქცინაცია და დავიცავთ რეგულაციებს, არ მგონია, მესამე ტალღა გვქონდეს“,- განაცხადა წაქაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან წაქაძე პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდა. ის სამშენებლო კომპანია GDG+-ს ხელმძღვანელობდა.